გერმანიაში სწავლის გაგრძელების დამადასტურებელი სერტიფიკატები სტუ-ს ლოგისტიკის გერმანულენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის

გერმანიაში სწავლის გაგრძელების დამადასტურებელი სერტიფიკატები სტუ-ს ლოგისტიკის გერმანულენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის

28-05-2018 25 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე გერმანიის ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (TH Wildau) პროფ. ფრანკ გილერტმა და ლოგისტიკის გერმანულენოვანი პროგრამის ქართველმა ხელმძღვანელმა პროფ. გიორგი დობორჯგინიძემ ქართველ სტუდენტებს გერმანიაში სწავლის გაგრძელების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

გასულ კვირას TH Wildau-ს, სტუ-ს და გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამის (DAAD) ერთობლივმა კომისიამ ლოგისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხუთ სტუდენტს შესაძლებლობა მისცა, რომ ბოლო ორი სემესტრის სწავლება გაირანონ ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. შერჩეულ სამ სტუდენტს გადაეცა DAAD-ის სასწავლო სტიპენდიები. აღნიშნულ კომისიას თავმჯდომარეობდა პროგრამის გერმანული მხარის ხელმძღვანელი პროფ. ფრანკ გილერტი.

გერმანიაში სწავლება ითვალისწინებს მეშვიდე და მერვე სემესტრებით გათვალისწინებული სასწავლო პროგრამის გავლას, მათ შორის პრაქტიკას საწარმოში და საბაკალავრო ნაშრომის შესრულებას. სემესტრების წარმატებულად დასრულების შემდგომ ქართველი სტუდენტები მიიღებენ TH Wildau-ს ინჟინერიის ბაკალავრის დიპლომს ლოგისტიკაში.

გარდა ქართველი სტუდენტებისა, სერტიფიკატები გადაეცათ ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ოთხ გერმანელ სტუდენტს, რომლებმაც ქართველ სტუდენტებთან ერთად სტუ-ში გაიარეს სალექციო კურსი წარმოების ლოჯისტიკაში. ლექციების კურსს უძღვებოდა გერმანული უნივერსიტეტიდან მოწვეული ლექტორი ანდრეას დუდლიკი. გარდა ლექციებისა, გერმანელმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ მეცადინეობებში და ქართველ სტუდენტებთან ერთად ჩაერთვნენ ლოჯისტიკის დეპარტამენტის კვლევით პროექტში, რომელიც დაკავშირებულია ერთ-ერთ ურბანულ სატრანსპორტო კვანძზე სატრანსპორტო ნაკადების სიმულაციური მოდელის შექმნასთან.
გერმანულენოვანი საბაკალავრო პროგრამა ლოგისტიკაში ხორციელდება 2015 წლის ოქტომბრიდან. მასში მონაწილეობენ ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგისტიკის დეპარტამენტი და სამი გერმანული უნივერსიტეტი. აღნიშნული პროგრამა ორდიპლომიანია და ითვალისწინებს წარმატებული სტუდენტების ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში მობილობას მე-7 და მე-8 სემესტრებში, რის შემდეგაც ისინი მიიღებენ TH WIldau-ს დიპლომებს აკადემიური ხარისხით ინჟინერიის ბაკალავრი ლოგისტიკაში.

 

სიახლეებში დაბრუნება