„საინჟინრო სამართლის“ სამეცნიერო კვლევითი პროექტი - სტუ-ს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ავსტრალიის უნივერსიტეტებში

„საინჟინრო სამართლის“ სამეცნიერო კვლევითი პროექტი - სტუ-ს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ავსტრალიის უნივერსიტეტებში

24-05-2018 21 აპრილიდან 5 მაისამდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დელეგაცია სამეცნიერო მივლინებით ავსტრალიაში იმყოფებოდა. სამუშაო ვიზიტი „საინჟინრო სამართლის“ სამეცნიერო კვლევითი პროექტის ფარგლებში განხორციელდა და სტუ-ს დელეგაციას წარმოადგენდნენ პროექტის კვლევითი ჯგუფის წევრები: ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ირაკლი გაბისონია, ასოც. პროფ. გიორგი გორაძე, ასისტენტ-პროფესორი მალხაზ ჩიტაია და პროფესორის ასისტენტი ვახტანგ ჟვანია.

სამუშაო ვიზიტი ითვალისწინებდა „საინჟინრო სამართლის“ სასწავლო პროგრამის ავსტრალიის უნივერსიტეტების მაგალითზე შესწავლას და ამ მიზნით ავსტრალიის მოწინავე უნივერსიტეტებთან ურთიერთობის დამყარებას, საინჟინრო სამართლის მიმართულებით მათი წარმატებული გამოცდილების გაცნობასა და მომავალი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის უნივერსიტეტებს, მათ შორის სამხრეთ უელსის, სიდნეის, სვინბარნის უნივერსიტეტებს უკვე მრავალი წელია დანერგილი აქვთ მსგავსი სასწავლო მოდული და ისინი წარმატებით უძღვებიან პროფესიით ინჟინერიურისტის აღზრდის საქმეს.

გამოცდილების გაზიარების მიზნით საინჟინრო სამართლის პროექტის ხელმძღვანელმა, პროფ. ირაკლი გაბისონიამ, პროექტის დანარჩენ წევრებთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გამართა, მათ შორის აღსანიშნავია ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელთან, პროფ. ლუკას ლიქსინსკისთან შეხვედრა, რომელსაც ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს
წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საინტერესო შეხვედრა შედგა სიდნეის ტექნოლიგიური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილესთან, პროფ. მაქსინე ევერსთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დირექტორთან, პროფ. გრასე ლიისთან. ავსტრალიელმა მასპინძლებმა ქართველ სტუმრებს შესათავაზეს მხარდაჭერა, როგორც პროგრამისა და სილაბუსების გაზიარების თვალსაზრისით, ისე ლიტერატურით დახმარებისა და შესაბამისი ლექტორების მოვლინებით ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამისი საჯარო ლექციებისა და ინტენსიური კურსების ჩასატარებლად. შეხვედრაზე, ასევე, განხილული იქნა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობები.

ხანგრძლივი და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა მელბურნის სვინბარნის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, სადაც ქართველი პროფესორები შეხვდენენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანს, პროფ. დინ ჰანტერს, საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის
ხელმძღვანელს, პროფ. სტროან რობერტსონს და
ამავე სკოლის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელს, პროფ. ჯონათან ლიჯებლანდს. ავსტრალიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს თავინთი გამოცდილება და მზადყოფნა გამოთქვეს ერთობლივი კვლევების განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე, სტუ-ში ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის აქტუალური ინტენსიური კურსების ჩატარებაზე.

ავსტრალიაში ვიზიტის ფარგლებში პროექტის მონაწილეებმა დაათვალიერის ავტრალიის ვიქტორიას შტატის უზენაესი სასამართლო და მელბურნის უძველესი ციხე.

პროფესორების მიერ მომზადებულ ვრცელ ანგარიშში დეტალურად არის გაწერილი ავსტრალიაში სამუშაო ვიზიტის შედეგები.

 

სიახლეებში დაბრუნება