"რესპუბლიკის 100 წელი - დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" - საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან

"რესპუბლიკის 100 წელი - დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" - საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან

21-05-2018 21 მაისს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია კამპანიის - "რესპუბლიკის 100 წელი - დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" ფარგლებში. შეხვედრას, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახ. დარბაზში გახსნა, სტუ-ს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 

საქართველოს პრეზიდენტმა საიუბილეო თარიღის მნიშვნელობაზე, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევებსა და დამოუკიდებლობის წლებში მიღებულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. მან სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში ჩართვისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქართველმა ერმა ერთად უნდა იფიქროს იმ ასწლეულზე რომელიც გაიარა და სწორედ ამ ჭრილში გაიაზროს ხვალინდელი დღეც, თუ რა არის გასაკეთებელი და რის შექმნას აპირებს. 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საიუბილეო თარიღის აღნიშვნა მიმდინარე კვირიდან დაიწყო და სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 100 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთეს და შექმნეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. ეს იყო ყველაზე სწორი გზა, რადგან მათ ზუსტად დაინახეს, რომ დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის წინაპირობაა.

"პირველმა რესპუბლიკამ შექმნა პირველი კონსტიტუცია, ეს დახვეწილი, დემოკრატიული, ევროპული, უმაღლესი სტანდარტით შექმნილი დოკუმენტი. დამოუკიდებლობა პირველი ეტაპია. თავისუფლება კი გაცილებით მაღალი ხარისხის ფენომენია, როდესაც დამოუკიდებლობამიღწეულ ერს გააზრებული აქვს თავისი მისია. ამ გააზრებას უნდა თან ახლდეს ქმნადობისა და განხორციელების უნარი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები დაინტერესდნენ სხვადასხვა საკითხით, მათ შორის: რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მოგვარების, განათლების პოლიტიკის, პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევისა და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობის შესახებ.

რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონკრეტული მინისტრის და სამინისტროს საქმიანობას ვერ შეაფასებს, რადგან ამისთვის კომპეტენტური ორგანო პარლამენტია. თუმცა, მისივე თქმით, არ იყო ისეთი გადაწყვეტილებები მიღებული, რაც სიტუაციას განმუხტავდა, რადგან ნარკორეალიზატორების დაკავებიდან, რაც ჩვეულებრივი ყოველდღიური რუტინაა, ქვეყანა დაძაბულობამდე მივიდა. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან უნდა აღიკვეთოს ნებისმიერი ძალადობა, ან ძალადობისკენ მოწოდება.

"ნებისმიერი ძალადობა, ან ძალადობისკენ მოწოდება უნდა აღკვეთოს სახელმწიფომ...
როდესაც სახელმწიფო ძალადობის უფლებას აძლევს რომელიმე ჯგუფს, იმ მომენტში სუსტდება სახელმწიფოს ლეგიტიმაცია - ეს უნდა გვქონდეს ზუსტად გააზრებული. ლეგიტიმური ძალადობის უფლება მხოლოდ სახელმწიფოს აქვს. ამ დათქმის ფარგლებში ხორციელდება სახელმწიფო ხელისუფლება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, რომელსაც სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა ჰქვია, სწორია, რადგან ახლა რუსეთის ფედერაცია არ არის მზად აღიაროს მეზობლების ინტერესები და შესაბამისად, ამ ურთიერთობების დასარეგულირებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგას.

სტუდენტები დაინტერესდნენ იმითაც, მიიღებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და შექმნის თუ არა საკუთარ პარტიას. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, "მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი ორი მნიშვნელოვანი თარიღის კუთხით. ეს არის 26 მაისი და ნატო-ს სამიტი. ორივე შემთხვევაში, პრეზიდენტის ჩართულობა და როლი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია. არ მგონია, რომ ამ ორ მნიშვნელოვან თარიღს სახელმწიფო უნდა შეხვდეს ისეთ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიაშია ცართული და შესაძლოა, იყოს კონკურენტი სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლებისთვის. ეს არ იქნება კარგი. ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ორივე თარიღის მიმართ აბსოლუტურად ერთიანი. შესაბამისად, ამ თარიღებამდე არ ვაპირებ პოზიციის დაფიქსირებას".

 

სიახლეებში დაბრუნება