მემორანდუმი სტუ-სა და რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტს შორის

15-05-2018 15 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტს (იტალია) შორის მემორანდუმი გაფორმდა.

სამომავლო კოოპერაციის პერსპექტივა, რომელიც განიხილეს სტუ-ს ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა და რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის რექტორის დელეგატმა, ანდრეა კარტნეიმ, უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით გამყარდა.

მემორანდუმის ფარგლებში, სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებსა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს უახლოესი მომავლიდან,  რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტთან სასწავლო და სამეცნიერო თანამშრომლობის, ერთობლივი კვლევების, აკადემიური თუ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის მრავალმხრივი შესაძლებლობა მიეცემათ.
 
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ანტონიო ენრიკო ბარტოლი; რომის ლა საპიენცას და ლინქ ქამფუს უნივერსიტეტების წარმომადგენლები; ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.   
„დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეტად მნიშვნელოვანი დღეა, გვეწვია იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ანტონიო ენრიკო ბარტოლი და დელეგაცია რომის ორი ცნობილი უნივერსიტეტიდან. ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანია რომის უნივერსიტეტთან მემორანდუმის ხელმოწერა, რადგან ეს თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო ნაყოფიერს და მრავალფეროვანს გახდის სტუ-ის სამეცნიერო თუ პრაქტიკულ საქმიანობას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის“, - განაცხადა სტუ-ის ვიცე-რექტორმა, ლევან კლიმიაშვილმა.
 
როგორც იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ აღნიშნა, „რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტი, რომელიც მე-14 საუკუნეშია დაარსებული, განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა იტალიაში. ტექნიკური უნივერსიტეტი კი, ასევე უმნიშვნელოვანესი უმაღლესი სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებაა საქართველოში. სწორედ ამიტომაა ამ ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ასე მნიშვნელოვანი. ეს ხელს შეუწყობს სამივე დონის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ახალი გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას და, ასევე, ჩამოაყალიბებს ახალ ურთიერთობებს კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში ჩვენს ორ ქვეყანას შორის “.
 
იმავე დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომის ლა საპიენცას და ლინქ ქამფუს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობითა და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით, ჩატარდა ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „სამხრეთ კავკასია საერთაშორისო არენაზე - რეგიონში არაფრისმომცემი თამაშის გადალახვის გზები“. კონფერენცია გახსნა იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ. მისი თქმით, „კონფერენცია ეძღვნება იმ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნაში არსებობს, შესაბამისად, სამივე ქვეყანას აწუხებს გაყინული თუ დროში გაჭიანურებული კონფლიქტების თანმდევი პრობლემები. შევეცდებით წარმოგიდგინოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იტალიისთვის, როგორც ეუთოს წლევანდელი თავმჯდომარე ქვეყნისთვის, რეგიონში სტაბილურობის არსებობა, რამდენად შესაძლებელია შედგეს დიალოგი ყველა დონეზე, დაიწყოს ურთიერთობების აღდგენა, რაც დიდწილად შეუწყობს ხელს რეგიონში მშვიდობის დამყარების პროცესს“.
 
აღსანიშნავია, რომ 16 – 18 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებითა და ლა საპიენცას და ლინქ ქამფუს უნივერსიტეტების მონაწილეობით, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება საჯარო ლექციები „ევრაზიის პროექტი, მითი თუ რეალობა“ და „უნიპოლარული მომენტის შენარჩუნება: ამერიკის პოლიტიკური სტრატეგია ცივი ომის შემდგომ“ და გაიმართება საგაზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის „საერთაშორისო ურთიერთობები, მმართველობა და საზოგადოება“.

 

სიახლეებში დაბრუნება