Erasmus+ - სალექციო კურსები მარმარილოს საწარმოო მანქანებისა და მათემატიკური სტატისტიკის შესახებ

Erasmus+ - სალექციო კურსები მარმარილოს საწარმოო მანქანებისა და მათემატიკური სტატისტიკის შესახებ

15-05-2018 7-11 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტების, აფიონის კოჩაპეტეს უნივერსიტეტისა (თურქეთი) და კილის უნივერსიტეტის (ინგლისი) წარმომადგენლები, ასოცირებული პროფესორი საიდ მაჰმუტ ჩინარი (Said Mahmut ÇINAR) და დოქტორი ჯეი ჩენგი (Jie Cheng).

აღსანიშნავია, რომ თურქეთისა და ინგლისის უნივერსიტეტების თანამშრომლების მობილობა ტექნიკურ უნივერსიტეტში განხორციელდა ერაზმუს+ გაცვლითი პროექტების ფარგლებში, რომლების კოორდინატორები არიან აფიონის კოჩაპეტეს უნივერსიტეტი და კილის უნივერსიტეტი და ითვალისწინებდა  ერაზმუს+ აკადემიური პერსონალის სასწავლო აქტივობებთან დაკავშირებულ საქმიანობას.

პროფ. ნოდარ ფოფორაძის ორგანიზებით, უცხოელმა სტუმრებმა დაათვალიერეს სტუ-ს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის პოპულარული მინერალოგიისა და პეტროგრაფიის და გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმები, ასევე, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში თურქეთისა და ინგლისის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაციები თავიანთი უნივერსიტეტების შესახებ.  თავის მხრივ, ისინი გაეცნენ ქართველი კოლეგების საქმიანობას.

საიდ მაჰმუტ ჩინარი აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის ინჟინერინგის ფაკულტეტის ელექტროინჟინერიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. ახალგაზრდა თურქი მეცნიერის ინტერესის სფერო უკავშირდება მარმარილოს წარმოებასა და მარმარილოს წარმოების მანქანების მრეწველობას თურქეთში. ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის პერიოდში ის შეხვდა პროფ. ოთარ გელაშვილს, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანს და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს. შეხვედრაზე განხილული იქნა მარმარილოს გადასამუშავებელი მანქანა-დანადგარების წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები, მისი გამოყენება ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით და ამასთან დაკავშირებული პრობლემები.

რაც შეეხება კილის უნივერსიტეტის დოქტორი ჯეი ჩენგის სამეცნიერო საქმინაობის სფეროს მისი მიმართულება იყო მათემატიკა და სტატისტიკა. ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის პერიოდში ახალგაზრდა მეცნიერი შეხვდა მათემატიკის დეპარტამენტის უფროსს, პროფ. დავით ნატროშვილს, ხოლო სტუ-ს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში ქალბატონმა ჯეი ჩენგმა წაიკითხა ლექციების კურსი მათემატიკური სტატისტიკის შესახებ.

ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ორგანიზებით, მობილობის პროგრამა, ასევე, ითვალისწინებდა კულტურულ ღონისძიებებს და სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეთვალიერებინათ თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობები.

 

სიახლეებში დაბრუნება