Erasmus+ - ტრენინგის მიზნით მობილობა ალიკანტეს უნივერსიტეტში

15-05-2018

23-27 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენელი მარიკა ზვიადაძე Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის ტრენინგის მიზნით მობილობით იმყოფებოდა ესპანეთის ალიკანტეს უნივერსიტეტში.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა ჯგუფის უფორსმა ალიკანტეს უნივერსიტეტის საერთაშორისო მობილობის ოფისში წარადგინა პრეზენტაცია სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის საქმიანობის შესახებ. ის გაეცნო ოფისის თანამშრომელთა მუშაობის პრაქტიკას, მეთოდებს, სადაც ევროპელმა კოლეგებმა - ხოსე მიგელ ლილო მორენომ, ელენა აგულო სანჩესმა, რაქელ მოროტე ხიმენესმა, ანტონიო ლილოტორეგროსამ, იზრაელ კორტეს სერამ, მარია გონზალვეს როდენასმა, ხოსე მიგელ სერანო გონსალესმა და სხვ. მას გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება. 

მარიკა ზვიადაძე შეხვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად ალიკანტეს უნივერსიტეტში იმყოფებიან  Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტები ანა გობეჯიშვილი და ნინო შუბითიძე ერთ სემესტრის განმავლობაში სწავლას აგრძელებენ (2018-2018 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრი) ესპანეთის უნივერსიტეტში. მარიკა ზვიადაძე გაეცნო მათ მიღწევებს, დაათვალიერა ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები. 

აღსანიშნავია, რომ ანა გობეჯიშვილმა და ნინო შუბითიძემ წარმატებით მიიღეს მონაწილეობა ალიკანტეს უნივერსიტეტში სპეციალურად მიწვეული ცნობილი იტალიელი არქიტექტორის, სერჯიო პონეს, საერთაშორისო პრაქტიკული სემინარის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში და საუკეთესო ნამუშევარი შექმნეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ასევე, შეხვდა პოლიტექნიკური სკოლის დირექტორის მოადგილეს, პროფ. ხოსე ვისენტე სიერა პონსს, რომელიც რამდენიმე თვით ადრე ამავე პროექტის ფარგლებში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ხოსე სიერამ ქართველ სტუმარს დაათვალიერებინა ალიკანტეს უნივერსიტეტის პოლიტექნიკური სკოლა და სხვა ღირსშესანიშნაობანი.

დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, მარიკა ზვიადაძე ხოსე სიერასა და ელენა აგულოსთან ერთად დაესწრო უნივერსიტეტის ეზოში მოწყობილ ვალენსიურ დღესასწაულს - მასკლეტას, დაათვალიერა ქალაქის ღირსშესანიშნაობები.

ამას გარდა, მარიკა ზვიადაძე შეხვდა ალიკანტეს უნივერსიტეტის პროფესორს, დავიდ ისრაელ მენდეზ ალკარაზს, რომელიც მაისში გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციების ჩატარებას ფიზიკის მიმართულებით. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლის მობილობა ალიკანტეს უნივერსიტეტში განხორციელდა Erasmus+ პროექტის KA 107 აქტივობის ფარგლებში, რომლის კოორდინატორია ესპანური უნივერსიტეტი.

აღსანიშნავია, რომ ალიკანტეს უნივერსიტეტი შეიქმნა 1979 წელს უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის ბაზაზე, რომელმაც 1968 წელს დაიწყო მუშაობა. ამდენად, აღდგა უძველესი ისტორიის მქონე სასწავლო ცენტრი, რომლის მუშაობაც 1834 წლიდან იყო შეწყვეტილი.

ალიკანტეს უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტია. ეს არის მულტიდისციპლინური უმაღლესი სასწავლებელი, რომლის 6 ფაკულტეტი და პოლიტექნიკური სკოლა  მეცნიერების სხვადასხვა დარგს მოიცავს. საუნივერსიტეტო საზოგადოება შედგება დაახლოებით 3 800 აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისაგან, ხოლო 3200-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება ხარისხს. ესაა ბილინგვური უნივერსიტეტი, ინგლისურენოვანი კურსებით, სადაც უამრავი კულტურული ღონისძიება თუ კურსი ტარდება ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე.

ესპანეთში საკმაოდ პოპულარული უნივერსიტეტი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ყოველწლიურად ღებულობს 1200 უცხოელ სტუდენტსა და 2000-მდე ესპანელ სტუდენტს ქვეყნის სხვა რეგიონებიდან.


 

სიახლეებში დაბრუნება