Erasmus+ - სალექციო კურსი Arduino uno კონტროლერის შესახებ და სამუშაო ვიზიტი სტუ-ს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში

Erasmus+ - სალექციო კურსი Arduino uno კონტროლერის შესახებ და სამუშაო ვიზიტი სტუ-ს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში

09-05-2018 29 აპრილიდან 5 მაისამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტების, აფიონის კოჩაპეტეს უნივერსიტეტისა (თურქეთი) და ვილნიუსის კოლეჯი/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (ლიტვა) წარმომადგენლები, მკვლევარი ასისტენტი ემინ ტასი (Emin Tas) (ინჟინერინგის  ფაკულტეტი) და ასისტენტი პაულიუს შაკალისი (Paulius Šakalys) (ელექტრონიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტი).

ხალგაზრდა თურქი და ლიტველი მეცნიერების მობილობა სტუ-ში ითვალისწინებდა ერაზმუს+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობას, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის ტრენინგთან და სასწავლო აქტივობებთან დაკავშირებით.

უცხოელმა სტუმრებმა დაათვალიერეს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა; პროფ. ნოდარ ფოფორაძის ორგანიზებით - გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის პოპულარული მინერალოგიისა და პეტროგრაფიის და გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმები.

გაიმართა სამუშაო შეხვედრები სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლებთან. ემირ ტასმა და პაულიუს შაკალისმა ჩაატარეს პრეზენტაციები, სადაც მათ სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს წარმოუდგინეს თავიანთი უნივერსიტეტები და საშუალება მისცეს მათ, უფრო ახლოს გაცნობოდნენ აფიონსა და ვილნიუსს და ამ ქალაქების ღირსშესანიშნაობებს.

მობილობის ფარგლებში ახალგაზრდა ლიტველმა ასისტენტმა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექციები არდუინო უნოს (Arduino uno) ლოგიკური კონტროლერისა და მისი აპლიკაციისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.

ის შეხვდა ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის დეკანს, პროფ. მარიამ ჩხაიძეს და დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებს. დეპარტამენტში სტუმრობისას ახალგაზრდა ლიტველი სტუმარი გაეცნო დეპარტამენტში მიმდინარე, მისთვის საინტერესო სამეცნიერო-კვლევით პროცესებს. შაკალისი, ასევე, შეხვდა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებს თამარ ლომინაძესა (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი) და არჩილ სამადაშვილს (ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი).

სტუ-ს პროფესორებთან შეხვედრებზე განხილული იქნა ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები.

მობილობის ფარგლებში თურქი მკვლევარი ესტუმრა სტუ-ს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს და შეხვდა ინსტიტუტის დირექტორს, პროფ. გივი გავარდაშვილს. პროფ. გავარდაშვილმა თურქ სტუმარს დაათვალიერებინა ინსტიტუტის ლაბორატორიები და გააცნო ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და მიღწევები, რაც მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ახალგაზრდა თურქი მკვლევრისთვის, რომლის სადისერტაციო ნაშრომიც ჰიდროლოგიურ კვლევებს უკავშირდება. შეხვედრაზე იმსჯელეს მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც.

მობილობის პროგრამით გათვალისწინებული იყო სოციალურ-კულტურული ღონისძიებებიც და თურქ და ლიტველ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეთვალიერებინათ საქართველოს ისტორიული ქალაქი მცხეთა და მისი არქიტექტურული ძეგლები.

 

სიახლეებში დაბრუნება