ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუ-ში

ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუ-ში

01-05-2018 30 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვივნენ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) წარმომადგენლები: ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ადრიანა სლავჩევა, ERASMUS+ კოორდინატორი სორენ ფოსტერი და პროფესორი მარიო ნოიგებაუერი.

სტუ-სა და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის უკვე 2 წელია მიმდინარეობს მჭიდრო თანამშრომლობა DAAD-ის პროექტის „უნივერსიტეტი-ბიზნესი თანამშრომლობა“ ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის რამდენიმე სტუდენტმა გაიარა საწარმოო პრაქტიკა გერმანულ კომპანიაში Community4You. ამასთან ერთად, ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში განხორციელდა სტუ-ს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სტაჟირება და ამ თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა სასწავლო სილაბუსების განახლება-მოდიფიკაცია საინფორმაციო ტეექნოლოგიების (IT) მიმართულებით.

მიმდინარე ვიზიტი მიზნად ისახავს სტუ-სა და ცვიკაუს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ახალი მიმართულებების მოძიებას. სტუ-ს რექტორის მოადგილესთან მეცნიერების დარგში, პროფ. ზურაბ გასიტაშვილთან შეხვედრისას განხილული იქნა ტექნოლოგიების ტრანსფერისა და კომერციალიზაციის კუთხით მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივები.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელთან, პროფ. ოთარ ზუმბურიძესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებს, მათ შორის Erasmus+ და Horizon2020 პროგრამებში ერთობლივად მონაწილეობის შესაძლებლობებს.

არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი მარიო ნოიგებაუერი 1 - 3 მაისს სტუ-ში ჩაატარებს სემინარებს, თემაზე „თანამედროვე საინფორმაციო სისტემები და დიდ მონაცემთა ბაზები“.

 

სიახლეებში დაბრუნება