Erasmus+-სალექციო კურსი დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით

Erasmus+-სალექციო კურსი დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით

26-04-2018 16-20 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა ანა ფიცხელაურმა შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (West Pomeranian University of Technology - WPUT) (პოლონეთი) ლექციების კურსი წაიკითხა.

სტუ-ს ასისტენტ პროფესორის სამუშაო ვიზიტი პოლონეთში განხორციელდა ერაზმუს+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.
მობილობის ფარგლებში ქართველმა მეცნიერმა ელექტრული ინჟინერიის ფაკულტეტზე წაიკითხა თემატური ლექციები ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით ისეთ თემებზე, როგორიცაა დოზიმეტრია; OSL ტექნოლოგიები დოზიმეტრიაში; in-vivo დოზიმეტრიის საშუალებები; რადიოაქტიური დასხივების პოტენციური რისკების შეფასება კომპიუტერული ტომოგრაფიისას.

პოლონეთის უნივერსიტეტში მობილობით ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდა ასისტენტ პროფესორი, ასევე, შეხვდა Erasmus+ ინსტიტუციონალურ კოორდინატორს, ქალბატონ აგატა ბრუსკას და ელექტრული ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს სასწავლო დარგში, პროფ. მარჩინ ჟუკოვსკის და ამავე ფაკულტეტის პროფესორებს: ვოიცეკ ჩლევიცკის, თომაჩ ჩადის, პრჟემისლავ ლოპატოს, პრჟემისლავ მაკიევიჩს.

პოლონელმა პროფესორებმა სტუმარს დაათვალიერებინეს ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები, მათ შორის, ანტენებისა და მაღალსიხშირული ტექნიკის ლაბორატორია.

მობილობის პროგრამა ითვალისწინებდა კულტურულ ღონისძიებებსაც და სტუმართმოყვარე პოლონელებმა დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან ქართველ კოლეგას სიამოვნებით გაუწიეს მეგზურობა და დაათვალიერებინეს შჩეცინის ძირითადი ღირსშესანიშნაობები.


 

სიახლეებში დაბრუნება