ღია კონკურსი

08-02-2012
ა(ა)იპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
 
 
ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 4 წლის ვადით აკადემიური თანამდებობების (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად შემდეგ ფაკულტეტებზე:
  1. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის (კოსტავას ქ. 77, VIII კორპუსი, ოთახი 408, ტ. 2 36 51 72);
  2. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის (კოსტავას ქ. 67. II კორპუსი, ოთახი 401, ტ. 2 36 38 07);
  3. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის (კოსტავას ქ. 68, I კორპუსი, ოთახი 550, ტ. 2 36 42 00);
  4. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის  (კოსტავას ქ. 68, I-c კორპუსი, ოთახი 402, ტ. 2 33 71 63);
  5. ბიზნეს-ინჟინერინგის (კოსტავას ქ. 77, VI კორპუსი, IX სართული, ოთახი 913, ტ.: 2 36 52 13);
  6. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების (კოსტავას ქ. 77, VI კორპუსი, III სართული, ოთახი 306,  ტ.: 2 36 52 80)
 
I. განცხადებების მიღებისა და კონკურსის ჩატარების ვადები
 
  კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაციის გაცემა (მათ შორის საკონკურსო ადგილების რაოდენობა და სხვ.) და განცხადებების მიღება იწარმოებს შესაბამისი ფაკულტეტის საკონკურსო კომისიების მიერ 2012 წლის 09 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით ყოველ დღე დასვენებისა (კვირა დღე) და უქმე დღეების გარდა, 1000-დან 1500 საათამდე, ზემოთ აღნიშნულ მისამართებზე.
კონკურსი ჩატარდება 2012 წლის 20 მარტიდან 25 მარტამდე. საკონკურსო კომისიების მიერ კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2012 წლის 26 მარტს, შესაბამისი საკონკურსო კომისიის საინფორმაციო დაფასა და უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: www.gtu.ge.
კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება 2012 წლის 01 აპრილამდე.
 
II. საკონკურსო პირობები 
   
  1. კონკურსის ძირითადი პირობები:
   ა) სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის, ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ 6 წლის გამოცდილება;
   ბ) ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის, ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ 3 წლის გამოცდილება;
   გ) ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი.
  2. აკადემიურ თანამდებობაზე შესაძლებელია აირჩეს აგრეთვე შესაბამისი პროფესიული გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის საჭირო კომპეტენცია. პირის კვალიფიკაცია შესაძლებელია დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით.
   3. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა შესაბამის საკონკურსო კომისიაში უნდა წარადგინოს:
   ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გაიცემა საკონკურსო კომისიის მიერ), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი და ქსეროასლი);
   ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
   გ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი და ქსეროასლი), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
   დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტის/მიმართულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და დეპარტამენტის/ფაკულტეტის ბეჭდით);
    ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ქსეროასლი);
    ვ) 2 ფოტოსურათი, 3X4. 
III. კონკურსში მონაწილეობის შეზღუდვა
 
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.  65 წლისა და მეტი ასაკის  პირის მიერ აკადემიური თანამდებობის დაკავების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტს აკადემიური საბჭო.
2. პირი, რომელიც მუშაობს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე (სრული საშტატო ერთეული), მოცემულ კონკურსში ასევე სრულ საშტატო ერთეულზე გამარჯვების შემთხვევაში ვალდებული იქნება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდეს ან გადავიდეს ნახევარ საშტატო ერთეულზე შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე.
 
IV. კონკურსის ჩატარების წესი
 
 1. კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და “აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის შესახებ” დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
    2. საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის, კომპეტენციისა და პიროვნულობის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი პედაგოგიური, სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, დამსახურება და რეპუტაცია; ასევე საკონკურსო კომისიის მიერ (კომისიის გადაწყვეტილებით ან კონკურსანტის მოთხოვნით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
    3. კონკურსის შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
 
 
           საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭო

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები