ოთხი გამორჩეული ქართველი მეცნიერ-გეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის საიუბილეო თარიღები

26-04-2018 2018 წელს ქართული გეოლოგიური საზოგადოება აღნიშნავს ოთხი გამორჩეული ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის საიუბილეო თარიღებს. კერძოდ, ალექსანდრე ჯანელიძისა და კალისტრატე გაბუნიას დაბადების 130 წლისთავს, ხოლო გიორგი ზარიძისა და იოსებ ბუაჩიძის დაბადების 110 წლისთავს.

საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეებისთვის კარგად არის ცნობილი ამ ოთხი პიროვნების როლი ეროვნული გეოლოგიური მეცნიერების  განვითარებაში. აკადემიკოსი ალექსანდრე ჯანელიძე და პროფესორი კალისტრატე გაბუნია ქართული გეოლოგიური სკოლის ფუძემდებლები არიან, ხოლო მათი ღირსეული მოწაფეები, აკადემიის წევრ-კორესპოდენტები გიორგი ზარიძე და იოსებ ბუაჩიძე ქართული პეტროლოგიური სკოლისა და ჰიდროგეოლოგიურ-საინჟინრო-გეოლოგიური სკოლების დამაარსებლებად ითვლებიან.
1924 წელს ა. ჯანელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრას ჩაუდგა სათავეში. შემდგომ, ანალოგიური კათედრა მან შექმნა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტშიც და მრავალი წლის განმავლობაში მისი პირველი გამგე იყო. ა. ჯანელიძის ინიციატივით, 1925 წელს დაარსდა გეოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც ის ოცდაათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მანვე შექმნა საქართველოს გეოლოგიური საზოგადოებაც და მის საქმიანობას იგი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე უძღვებოდა. ჯანელიძემ უდიდესი წვლილი შეიტანა გეოლოგიური კადრების მომზადებაში და გამოჩენილ მეცნიერთა მთელი თაობის აღზრდაში. სახელოვანი მეცნიერი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილებას, იყო ამავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდიუმის წევრი. მეორე მსოფლიო ომის დროს ა. ჯანელიძე თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო.

ა. ჯანელიძის სახელთანაა ასოცირებული ქართული გეოლოგია და იგი, როგორც მისი მამამთავარი, დიდი მეცნიერი, საზოგადი მოღვაწე და ჭეშმარიტი პატრიოტი რჩება მისი მრავალრიცხოვანი მოწაფეების და მთელი მეცნიერული საზოგადოების ხსოვნასა და ქართული მეცნიერების ისტორიაში.

კალისტრატე გაბუნია თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე 1925 წლიდან მოღვაწეობდა და ჯანელიძესთან ერთად იყო საქართველოს გეოლოგიის ინსტიტუტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი, სადაც მუშაობდა უფროს მეცნიერ-თანამშრომლად და გამოყენებითი გეოლოგიის სექტორის გამგედ. 1926 წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე მან დააარსა გამოყენებითი გეოლოგიის კათედრა. 1928 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1932 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტის დეკანი. 1930 წლიდან ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის გამოყენებითი გეოლოგიის კათედრას.

ცნობილი მეცნიერი სრულიად ახალგაზრდა, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, მან მოასწრო მტკიცე საფუძველი ჩაეყარა ქართული გეოლოგიური სკოლისთვის.

გიორგი ზარიძემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პეტროლოგიური მეცნიერების განვითარებაში. მის კალამს ეკუთვნის ფუნდამენტური შრომები, რომლებიც მიეძღვნა მაგმური და მეტამორფული ფორმაციების შესწავლას, კავკასიის მაგმური და მეტა¬მორფული ქანების პეტროლოგიურ კვლევას და მაგმატიზმთან დაკავშირებული მადანწარმოშობის საკითხებს. მან წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე მაგმური ქანების თანმიმდევრული კანონზომიერი  წარმოშობის მკაფიო სურათი.

ზარიძე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში: 1952-1956 წწ. ის იყო აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის რექტორი, მოგვიანებით ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის პეტროგრაფიის, მინერალოგიისა და გეოქიმიის კათედრას, ხოლო 1985-1992 წწ. - სპექტრული მეთოდებით კვლევის რესპუბლიკური ცენტრს.


მეცნიერს გამოქვეყნებული აქვს მაგმური და მეტამორფული ქანების პეტროლოგიის რამდენიმე სახელმძღვანელო (ქართულ და რუსულ ენებზე). მის მიერ აღზრდილია გეოლოგთა რამდენიმე თაობა.

ზარიძის პეტროლოგიურმა კვლევებმა საფუძველი ჩაუყარა კავკასიის კრისტალური ქანების ინტენსიურ შესწავლას და მისი ნაყოფიერი შრომის შედეგად, საქართველოში ჩამოყალიბდა თვითმყოფადი პეტროლოგიური სკოლა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

ფასდაუდებელია იოსებ ბუაჩიძის მიერ გაწეული ღვაწლი ქართული მეცნიერებისა და განათლების სისტემის სრულყოფის საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც იგი ჩამოყალიბდა როგორც დიდი მეცნიერი, ახალგაზრდა სპეციალისტების დაუღალავი აღმზრდელი და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერული საქმის შესანიშნავი ორგანიზატორი. მას შემდეგ, რაც გამოყენებითი გეოლოგიის კათედრას გამოეყო და ცალკე კათედრად ჩამოყალიბდა ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის კათედრა, ბუაჩიძე მის გამგედ იქნა არჩეული და მისთვის დამახასიათებელი ენერგიით შეუდგა კათედ¬რის ახალი კადრებით დაკომპლექტებასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფას.

იოსებ ბუაჩიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო მნიშვნელობის ყველა საინჟინრო პროექტის განხორციელებაში. მისი მეცნიერული ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით ფართო სამუშაოები ჩატარდა თბილისის მეტროპოლიტენის, ენგურჰესისა და ამიერკავკასიის რეგიონის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შესასწავლად.

1958-1973 წწ. სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად, პროფ. ბუაჩიძე ჩვეული ენთუზიაზმით უძღვებოდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორის მოვალეობასაც. ამ პერიოდში ინსტიტუტის მრავალათასიანმა სამეცნიერო პედაგოგიურმა და ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა, მისი თაოსნობით, უდიდესი რეფორმები განახორციელა.

განუსაზღვრელია ამ ოთხი მეცნიერის წვლილი გეოლოგიის დარგის სხვადასხვა სფეროში და შეუფასებელია მათი დამსახურება კადრების აღზრდაში, გამოჩენილ მეცნიერთა მთელი პლეადის ჩამოყალიბებაში, რომელმაც მათ მიერ ჩაყრილ ფუნდამენტზე მტკიცე გეოლოგიური მეცნიერება ააშენა.

 

სიახლეებში დაბრუნება