ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის დელეგაციის ვიზიტი სტუ-ში

22-04-2018 20 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის დელეგაცია. ჩინური დელეგაცია ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით იმყოფებოდა.

შეხვედრა გახსნა და სტუმრებს მიესალმა საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ივანე ჯაგოდნიშვილი.

სტუ-ს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ირაკლი გაბისონია, პროფ. ჯემალ ფუტკარაძე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალგაზრდებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი კულდონაშვილი, ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი ავთანდილ კიკნაძე, ჩინელი მოხალისეები და სტუდენტები, რომლებიც ჩინურს სწავლობენ.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ირაკლი გაბისონიამ მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა ფაკულტეტზე ჩინური ენის პოპულარიზაციის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ ფაკულტეტის დაინტერესებული სტუდენტები ჩინური ენის შესასწავლად ინტენსიურ კურსს გადიან. მან, ასევე, ისაუბრა კვლევითი საქმიანობის ასპექტებზე, კერძოდ, ჩინეთის სუბკულტურის, სამართლებრივი სისტემებისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამების შესწავლის შესახებ.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ისაუბრა ინსტიტუტის საქმიანობაზე, გააცნო სტუმრებს ჩინეთის სტუდენტური კლუბის აქტივობები და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც შეეხება  სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს და სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობას.

პირველკურსელმა სტუდენტმა სანდრო გოძიაშვილმა, რომელიც სულ ოთხი თვეა ფაკულტეტის დაფინანსებით სწავლობს ჩინურ ენას, სტუმრებს ჩინურ ენაზე წარუდგინა თავი და გამოხატა ჩინეთში ვიზიტის სურვილი.

ჩინური დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდგომ დაათვალიერეს სტუ-ს სტუდენტური ტელევიზია, რომლის საშუალებითაც ჩატარდება ტელეხიდები ჩინეთის უნივერსიტეტებთან და ჩინური ენის კაბინეტი.

 

სიახლეებში დაბრუნება