იტალიელი ავტოდიზაინერი სტუ-ში

17-01-2012
ცნობილი იტალიელი ავტოდიზაინერი ჯორჯეტო ჯუჯარო სტუ-ში
 
17 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ცნობილი იტალიური კომპანიის  ItalDesign-ის ერთ-ერთი დამაარსებელი,  საუკუნის სამრეწველო დიზაინერი, საავტომობილო დიდების დარბაზის (Automotive Hall of Fame) წევრი, ავტოდიზაინერი ჯორჯეტო ჯუჯარო და მისი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები ესტუმრნენ.
სახელგანთქმულ იტალიელ სტუმრებთან შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
შეხვედრა გახსნა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ სურგულაძემ.
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინა იტალიელი სტუმარი და ვრცლად ისაუბრა მისი საქმიანობის შესახებ.
ცნობილმა ავტოდიზაინერმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა. მან სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და წარმატების მიღწევის გზებზე ესაუბრა.
აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სასწავლო  წლიდან  კავკასიის რეგიონში პირველი, საბაზრო მოთხოვნებზე გათვლილი დიზაინისა და არქიტექტურის საერთაშორისო სკოლა გაიხსნება და მას პატრონაჟს  ჯორჯეტო ჯუჯარო გაუწევს. წარმატებულ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, სტუდენტებს  ლექციებს  ჯუჯაროს სკოლის წარმომადგენლებიც წაუკითხავენ.
საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებს სკოლა დიზაინის  შემდეგ მიმართულებებზე განახორციელებს - პროდუქტებისა და სამრეწველო დიზაინი, კომუნიკაცია, რეკლამა, ავეჯისა და ინტერიერის დიზაინი, სატრანსპორტო დიზაინი, გრაფიკული და დეკორაციული დიზაინი. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკა იტალიაში გაირონ, ხოლო წარჩინებულებს იტალიაში მაგისტრატურის სწავლებას სახელმწიფო დაუფინანსებს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები