Erasmus+ - სალექციო კურსი მულტიმედიასა და სატრანსპორტო მიმართულებით კაუნასის კოლეჯში/გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში

Erasmus+ - სალექციო კურსი მულტიმედიასა და სატრანსპორტო მიმართულებით კაუნასის კოლეჯში/გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში

30-03-2018 19-23 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი და სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია ერაზმუს+ პროგრამის KA107 გაცვლითი პროექტის ფარგლებში კაუნასის კოლეჯს/გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ლიტვა) სტუმრობდნენ.

მათ მონაწილეობა მიიღეს კაუნასის კოლეჯში გამართულ საერთაშორისო კვირეულში „Going International” და, ასევე, კვირეულის ეგიდით გამართულ მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ინოვაციური (ეკო) ტექნოლოგიები, მეწარმეობა და რეგიონალური განვითარება“, რომელშიც მონაწილეობდნენ 25-მდე უნივერსიტეტის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კაუნასში სტუ-ს პროფესორებმა სტუდენტებისთვის ჩაატარეს საჯარო ლექციები. ზაზა ცოტნიაშვილმა ლექციები წაუკითხა ტექნოლოგიების ფაკულტეტის მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის სტუდენტებს, თემაზე: „მულტიმედია და კონფლიქტები“ ხოლო ბორის გითოლენდიამ - ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ლოჯისტიკის დეპარტამენტის სტუდენტებს, თემაზე: „რეგიონალური განვითარება - საქართველოს სატრანსპორტო სისტემა“. ქართველმა პროფესორებმა სტუდენტებს წარმოუდგინეს ვრცელი პრეზენტაციებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ.

პროგრამის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გაიმართა კაუნასის კოლეჯის ტექნოლოგიებისა და ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტების წარმომადგენლებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო აკადემიურ მობილობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხს და განხილული იქნა ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და პერსპექტივები.

ვიზიტის  ფარგლებში, ასევე, გაიმართა შეხვედრები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნა ქართველი სტუდენტებისათვის ლიტვაში სწავლის შესაძლებლობები და ერაზმუს+ KA1 და KA2 აქტივობების ფარგლებში ახალი ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო საპროექტო წინადადებები.

სტუ-ს პროფესორების ლიტვაში ვიზიტი განხორციელდა ერაზმუს+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია კაუნასის კოლეჯი/გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი.


 

სიახლეებში დაბრუნება