სტუ-ს სტუდენტები ფოჯას უნივერსიტეტის ეროვნულ გაცვლით პროექტებში MUSA და MOBIS

30-03-2018 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა იტალიის ფოჯას უნივერსიტეტის ეროვნულ გაცვლით პროექტებში MUSA და MOBIS.

სტუ-ს ბიოსამედიცინო ინჟინერიის ბაკალავრიატის სტუდენტები ხატია ჯანიაშვილი და ალექსანდრე ლაბაძე მონაწილეობდნენ პროექტში MUSA, ხოლო ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დოქტორანტი ნინო ადამაშვილი - პროექტში MOBIS.

აღნიშნული გაცვლითი პროექტები დაფინანსდა იტალიის რეგიონ პულიას მთავრობის მიერ და გულისხმობდა ერთი აკადემიური სემესტრით იტალიის ფოჯას უნივერსიტეტში სწავლებას.

ფოჯას უნივერსიტეტი მულტიპროფილური უნივერსიტეტია და მოიცავს რამოდენიმე დეპარტამენტს, მათ შორის ეკონომიკის; სამართლის; კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის; აგრარული, კვებისა და გარემოს დაცვითი მეცნიერებებისა და სხვა დეპარტამენტებს.

ფოჯას უნივერსიტეტი თანამშრომლობს ქალაქის საავადმყოფოსთან, ამდენად, უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ საშუალება, თეორიული ცოდნა გაიღრმაონ პრაქტიკული გამოცდილებით. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, ლაბორატორიული, რადიაციული თერაპიისა და დიაგნოსტიკის განყოფილებების სპეციალისტებთან ერთად პრაქტიკული მუშაობით მიეღოთ უშუალოდ სამედიცინო აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება. სტუდენტები თავად მონაწილეობდნენ ლაბორატორიულ კვლევებში და თავად აკონტროლებდნენ კვლევის მიმდინარეობას ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია "Beckman Coulter"-ის უახლესი ლაბორატორიული აპარატურით. ასევე, შეხვდნენ იტალიაში "Beckman Coulter"-ის წარმომადგენელს, რომელმაც სტუდენტებს ჩაუტარა სემინარი ლაბორატორიული ინსტრუმენტებისა და აპარატურის ექსპლუატაციასა და მუშაობის პრინციპთან დაკავშირებით.

უნივერსიტეტის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ნანოტექნოლოგიების ლაბორატორიაში ქართველ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სამეცნიერო ექსპერიმენტში, რომელიც ტარდებოდა თაგვებზე და ნანორობოტების საშუალებით უშუალოდ სისხლის ფორმიან ელემენტებში გარკვეული პრეპარატების შეყვანას ისახავდა მიზნად. ექსპერიმენტი მიმდინარეობდა "IN VIVO X-ray"-ის გამოყენებით.

ფოჯას უნივერსიტეტი უზრუნველყოფს უნივერსიტეტში მიმდინარე თეორიული და კვლევითი აქტივობების ხელშეწყობას. ფოჯას უნივერსიტეტში ხუთი მდიდარი ბიბლიოთეკაა. ბიბლიოთეკის, არქივისა და მუზეუმის სისტემას აქვს ზოგადი კოორდინაციის ფუნქცია. ის მართავს და ხელს უწყობს სერვისის განვითარებას, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით ციფრულ კონტენტსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე.  

ფოჯას უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული კვლევით აქტივობებში. უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების სტრატეგია მიჰყვება The European Charter for Researchers და Code of Conduct for the Recruitment of Researchers (C&C) ანგარიშების პრინციპებს, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული კვლევების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას საერთაშორისო დონეზე თანდათანობითი კულტურული ცვლილებების, დაინტერესებულ მხარეთა (საჯარო და კერძო კვლევითი ინსტიტუტები და პოლიტიკოსები) შედარებისა და დისკუსიის საშუალებით. უნივერსიტეტი ფლობს სამეცნიერო რეესტრს, რომელიც აგროვებს, მართავს და ამუშავებს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ყველა სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, არსებული სამეცნიერო უნარ-ჩვევების გაზრდისა და შიდა შეფასების სისტემის შექმნის მიზნით.

ფოჯას უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს ათეულობით საერთაშორისო და ევროკავშირის პროექტს. ამ პროექტებში ჩართულობა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ მსოფლიოში მიმდინარე ინოვაციურ პროცესებს თავიანთ სფეროში და წვლილი შეიტანონ მათ შემუშავებასა და დანერგვაში. უნივერსიტეტის მდიდარი ბიბლიოთეკა და კარგად შემუშავებული სისტემა, კვალიფიციურ პროფესორებთან ერთად, ხელს უწყობს სტუდენტების თეორიული ცოდნის გაღრმავებას.

გარდა ამისა, უნივერსიტეტის ენის ცენტრი (CLA - Centro Linguistico di Ateneo) უცხოელ სტუდენტებს უზრუნველყოფს იტალიური ენის კურსებით და ტექნიკური უნიევრსიტეტის სტუდენტებს ფოჯას უნივერსიტეტში მობილობის პერიოდში საშუალება მიეცათ, შეესწავლათ სასაუბრო იტალიური.

აღსანიშნავია, რომ სტუ-ს დოქტორანტმა ნინო ადამაშვილმა გაიარა კონკურსი და ფოჯას უნივერსიტეტში აგრძლებს მუშაობას ეკონომიკის დეპარტამენტის კვლევით ჯგუფთან ერთად.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები