სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „საინჟინრო სამართალი“ - შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლობასთან

სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „საინჟინრო სამართალი“ - შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლობასთან

26-03-2018 24 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა "არქ არეა" არქიტექტურული კომპანიისა და სამშენებლო კომპანია "დეკოლაინის"  ხელმძღვანელებსა და ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის.

შეხვედრა გაიმართა „საინჟინრო სამართლის“ სამეცნიერო-კვლევითი პროექტისა და „შეხვდი დამსაქმებელს“ პროექტის ფარგლებში.

ღონისძიება გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა კერძო სექტორის წარმომადგენლებს მობრძანებისთვის. მან ისაუბრა „საინჟინრო სამართლის“ სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შესახებ და პროექტის ფარგლებში საინჟინრო სამართლის კუთხით საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და არქიტექტურულ კომპანია „არქ არეას“ შორის. 
კომპანიის ხელმძღვანელებმა და პროფესორებმა გამართეს დისკუსია მიმდინარე პრობლემურ საკითხებზე სამშენებლო სამართალთან მიმართებაში.

დეველოპერული კომპანიის „არქ არეას“ დამფუძნებელმა ზურაბ კამლაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კურსდამთავრებული.

ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა და  კომპანია „დეკოლაინის“ დირექტორმა კობა ჩიხლაძემ აღნიშნა ისეთი კვალიფიციური იურისტების არსებობის აუცილებლობა, რომლებმაც იციან არა მხოლოდ სამართალი, არამედ სამშენებლო, საინჟინრო და სხვა მიმართულებები.

შეხვედრაზე განხილული იქნა სამშენებლო კოდექსთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, ფაკულტეტის მიერ ინიცირებული „საინჟინრო სამართლის“ პროექტის მნიშვნელობა და მისი განხორციელების პერსპექტივები.

შეხვედრა შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ირაკლი გაბისონიამ.

 

სიახლეებში დაბრუნება