მემორანდუმი სტუ-სა და სემეკს შორის

მემორანდუმი სტუ-სა და სემეკს შორის

26-03-2018 26 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას (სემეკ) შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს სტუ-ს რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა და სემეკის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ მოაწერეს ხელი. ღონისძიებას მარეგულირებელი კომისიის წევრები, სტუ-ის შესაბამისი ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სუდენტები ესწრებოდნენ.

მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია მხარეებს შორის თანამშრომლობა შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: სტუ-ს სტუდენტების სემეკში სტაჟირება, სასწავლო პრაქტიკის გავლა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; უნივერსიტეტის თანამშრომლების, სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის დახმარების გაწევა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროებში კვლევების ჩასატარებლად საჭირო ინფორმაციისა და ლიტერატურის მოძიება-გაცნობაში; ასევე, დაგეგმილია აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საკითხთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების მოსამზადებლად, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოსაწყობად.

ამგვარად, უახლოეს მომავალში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის, წყალმომარაგება-წყალარინების, ეკონომიკისა და იურიდიული სპეციალობების  ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს სემეკში სტაჟირებით შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ და განავითარონ საჭირო თეორიული თუ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და აიმაღლონ ცნობიერება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში. 
 
 „სემეკი, როგორც რეგულატორი, აერთიანებს უმსხვილეს სექტორებს - ენერგეტიკას, ბუნებრივ გაზს, წყალმომარაგებას, წყალარინებას. შესაბამისად, მემორანდუმი მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს. მემორანდუმის ამოქმედება, პირველ რიგში, დიდად წაადგება ჩვენს სტუდენტებს, რადგან ჩნდება მნიშვნელოვანი ობიექტი, სადაც სტუდენტები შეძლებენ სტაჟირების გავლასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. თანამშრომლობა მომხიბლავია კვლევის კუთხითაც - სტუ-ის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები ერთობლივი კვლევების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის სპეციალისტების ექსპერტული ჩართულობა იმ საპასუხისმგებლო საქმეში, რასაც მარეგულირებელი კომისია ახორციელებს და ორივე მხარისთვის ასევე მნიშვნელოვანია დარგობრივი სამართლის განვითარება, ახალი სტანდარტების შემუშავება და ახალი ტიპის კვლევების ჩატარება იმ მიზნით, რომ შესაბამისი ტექნოლოგიური უზრუნველყოფა მივიღოთ. თანამშრომლობისთვის არეალი საკმაოდ ფართოა და საინტერესო, იმის გათვალისწინებით, რომ სტუ-ს გამოყენებითი ტიპის მკვლევარები ჰყავს და ყოველთვის უნდა ვეძებოთ ობიექტი, სადაც ჩვენი ცოდნის გამოყენებას შევძლებთ“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.
 
„ტექნიკური უნივერსიტეტი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია  მარეგულირებელი კომისიისთვის. კომისია მრავალი წელია, აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტთან, ამდენად, აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საკითხთა სპექტრი ძალიან ფართოა და  უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კომისიათან თანამშრომლობა ორმხრივად მნიშვნელოვანია. სემეკი მრავალმხრივი და საინტერესო ორგანიზაცია არმოჩნდება სტუ-ის სტუდენტებისთვის, რადგან აქედან შესაძლებელია მთელი სექტორის დანახვა, დარგის რეგულირება კი უმნიშვნელოვანესი საქმეა. მემორანდუმის ფორმატში კომისიის კარი მუდმივად იქნება ღია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. სასიხარულოა, რომ კომისასთან თანამშრომლობის სურვილი სტუ-ის ეკონომიკისა და იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმაც გამოთქვეს“, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ.

 

სიახლეებში დაბრუნება