2018 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“

2018 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“

06-03-2018 სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა 2018 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი – „მეცნიერება იწყება სკოლიდან –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“.

კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით და მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა.

კონკურსში პროექტების შემოტანა შესაძლებელია შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:         
1. მათემატიკა;
2. ინფორმატიკა;
3. ფიზიკა;
4. ქიმია;
5. სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
6. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები;
7. ეკოლოგია;
8. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
9. აგრარული მეცნიერებანი.

პროექტში მონაწილეობს პედაგოგი, მეცნიერი და ასისტენტი (დოქტორანტი ან მაგისტრანტი). 

პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს საჯარო სკოლის VIII – XII კლასებში მომუშავე მოქმედი მასწავლებელი.

პროექტში მონაწილე მეცნიერი უნდა იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი, რომელიც კვლევის პროცესში სამეცნიერო კონსულტაციას უწევს პროექტის ხელმძღვანელს, პროექტის ასისტენტსა და მოსწავლეებს.

პროექტში უნდა მონაწილეობდეს პროექტის ასისტენტი, რომელიც ეხმარება პროექტის ხელმძღვანელსა და მეცნიერს პროექტის განხორციელებაში. იგი უნდა იყოს დოქტორანტი ან მაგისტრანტი საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე და პროექტის შემოტანისას აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

პროექტის ხელმძღვანელის, მეცნიერის და პროექტის ასისტენტის ჩართულობა პროექტში აუცილებელი პირობაა.

პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ფონდის ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება