ღია ჩემპიონატი

30-11-2011
სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი პროგრამირებაში
 
29 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  პროგრამირებაში სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
მსოფლიოში ცნობილი, მაღალპრესტიჟული ინტელექტუალური შეჯიბრება, რომელსაც ატარებს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია, ასოციაცია ACM (Association for Computing Machinery), 27 ნოემბერს დაიწყო, როდესაც პარალელურად თბილისში, ტაშკენტში, ბარნაულსა და სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ე.წ. ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის, რომელიც მოიცავს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს, უკრაინისა და მოლდავეთის გამოკლებით. ტრადიციულად, ამავე დღეს ჩატარდა სამხრეთ კავკასიის ღია გუნდური პირველობა, ხოლო მომდევნო დღეს კი პროგრამირებაში სამხრეთ კავკასიის ღია პირადი პირველობა.
თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილეობისთვის თავი მოიყარა სულ 40 გუნდმა. აქედან 24 წარმოადგენდა საქართველოს, 10 სომხეთს და 6 აზერბაიჯანს.
საბოლოოდ, სამხრეთ კავკასიის ღია გუნდურ ჩემპიონატზე გაიმარჯვა ჯიმშელეიშვილისა და თვალჭრელიძის გუნდმა, მეორე ადგილზე გავიდა რუსულ-სომხური უნივერსიტეტის პირველი გუნდი, მესამეზე -  თსუ-ის პირველი გუნდი. ამ გუნდებმა პირველი ხარისხის დიპლომები დაიმსახურეს. მესამე ხარისხის დიპლომანტებს შორის აღმოჩნდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები.
პირად შეჯიბრებაზე სულ იასპარეზა 57 სტუდენტმა. პირველი ადგილი დაიკავა თსუ-ის მაგისტრანტმა, მეორე ადგილზე გავიდა რუსულ-სომხური უნივერსიტეტის, მესამეზე კი - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პიველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენელი. მეორე ხარისხის დიპლომი დაიმსახურა სტუ-ის წარმომადგენელმა.
მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელი ნახევარფინალის შემდეგ უმაღლესი სასწავლებლების პროგრამისტულ რეიტინგლისტში სამხრეთ კავკასიაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა რუსულ-სომხურმა უნივერსიტეტმა. სარეიტინგო ქულები მოიპოვა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები