ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის სტუმრობა სტუ-ს საჯარო სამართლის ლაბორატორიაში

04-03-2018 2 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში გაიმართა შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორთან ნინო ბოლქვაძესთან.

ღონისძიება გახსნეს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ირაკლი გაბისონიამ და სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულეტეტის დეკანმა, პროფ. ივანე ჯაგოდნიშვილმა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ზემოაღნიშნული ფაკულტეტების მიერ ერთობლივად დაგეგმილი პრაქტიკული სასწავლო პროექტის, კერძოდ, ტრენერთა სკოლის პრეზენტაციასა და განხილვას.

შესავალ სიტვაში ფაკულტეტების დეკანებმა ყურადღება გაამახვილეს ევროინტეგრაციის პროცესში სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვეს ევროპულ არჩევანს და სთხოვეს სტუდენტებს, აქტიურად ჩაერთონ დაგეგმილ პროექტში.

აღსანიშნავია, რომ ტრენერთა სკოლას ფაკულტეტები ახორციელებენ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით. სწორედ, მათგან მოწვეული ტრენერები ჩაუტარებენ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექცია-სემინარებს. წარმოდგენილი პროექტი შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, ფაკულტეტის დაფინანსებით და ორგანიზებით მიიღონ მონაწილეობა ტრენერთა სკოლაში, თემაზე: „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“. ტრენერთა სკოლის ჩატარების მიზანია სტუდენტების ინფორმირება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე საკითხებზე; სტუდენტების ჩართულობის გაზრდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და სტუდენტების ჩართვა სხვადასხვა რელევანტურ აქტივობაში.

მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო ტრენერთა სკოლაში მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები, ვადები და სკოლაში მიღების კრიტერიუმები.

 

სიახლეებში დაბრუნება