ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სტუ-სა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სტუ-სა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის

04-03-2018 2 მარტს, პროექტის „შეხვდი  დამსაქმებელს“ ფარგლებში, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან დავით ასათიანთან და ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და ეთიკის კომისიის წევრებთან.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი; აღმასრულებელი საბჭოს წევრი გიორგი ტურაზაშვილი; ეთიკის კომისიის წევრები: თორნიკე ბაქრაძე, ინგა სეხნიაშვილი და გია ტაბლიაშვილი; ასევე, სარევიზიო კომისიის წევრი რაჟდენ კუპრაშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც სტუმრებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის. მისასალმებელ სიტყვაში დეკანმა ხაზი გაუსვა ფაკულტეტის სამეცნიერო საქმიანობას, ორიოდე სიტყვით მიმოიხილა სამეცნიერო პროექტები, მათ შორის, საინჟინრო სამართალი, მედია სამართალი, საგამოძიებო სამართალი და სხვა. მან ყურადღება გაამახვილა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესში პრაქტიკოსი ადვოკატების რეკომენდაციებისა და შენიშვნების ასახვაზე სასწავლო პროგრამებსა და სილაბუსებში.

სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიესალმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, რომელმაც ხაზი გაუსვა ასოციაციის მიერ 
დაგეგმილ რეფორმებს, ე.წ. ფრანგულ მოდელზე გადასვლის და მენტორ-ადვოკატის  დამკვრიდების შესაძლებლობებს. მან ყურადღება გაამახვილა იმ კომპონენტზე, რომელიც აუცილებლად უნდა გააჩნდეს პრაქტიკოს ადვოკატს, მათ შორის, კლიენტთან ურთიერთობასა და კომუნიკაციაზე, ადვოკატის მიერ ჰონორარის მოთხოვნის საფუძველზე, საადვოკატო ბიუროს მართვაზე, საქმიანობის პრინციპებზე, ორატორული ხელოვნების ასპექტებზე და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვაზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სტუ-სა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის.
  
დასასრულს, ასოციაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის ხელმძღვანელობას, გამოხატა ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი და მოუწოდა სტუდენტებს, იყვნენ წარმატებულები, რომ შესაძლებლობა მიეცეთ მემორანდუმით გათვალისწინებული პრივილეგიებით სარგებლობისთვის.

ღონისძიება შეაჯამა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორ ირაკლი გაბისონიამ.

 

სიახლეებში დაბრუნება