ცერნის მასტერკლასები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

15-02-2018 16 თებერვალს და 7 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო მასტერკლასს ნაწილაკების ფიზიკაში “Hands on Particle Physics”. ღონისძიება ორგანიზებულია ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის - ცერნის (ჟენევა, შვეიცარია) მიერ.

მასტერკლასის მიზანია 15-19 წლის ახალგაზრდებში ფიზიკის პოპულარიზაცია. საერთაშორისო მასტერკლასი ნაწილაკების ფიზიკაში შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, ცერნში მიმდინარე ექსპერიმენტების შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, აღმოაჩინონ კვარკებისა და ლეპტონების სამყარო. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, შეხვდნენ მეცნიერებს, რომლებიც აწარმოებენ კვლევას ნაწილაკების ფიზიკაში და გაიცნონ თანამოაზრე ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნიდან.

რამდენიმე ლექციისა და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად, მასტერკლასის მონაწილეები შეძლებენ, შეისწავლონ ნაწილაკები და მათ შორის მიმდინარე პროცესები. 

ლექციებს წაიკითხავენ მეცნიერები, რომლებიც ჩართულნი არიან ცერნში მიმდინარე სხვადასხვა ექსპერიმენტში. ლექციების თემა იქნება ნაწილაკების ფიზიკა, ცერნში მიდინარე ექსპერიმენტები და დეტექტორები. თეორიული კურსის შემდეგ, მასტერკლასის მონაწილეები დაამუშავებენ ექსპერიმენტის შედეგად მიღებულ მონაცემებს და აღმოაჩენენ სხვადასხვა ნაწილაკს.

დღის ბოლოს მოეწყობა ვიდეოკონფერენცია ცერნის ექსპერტებთან. მოხდება მონაწილეების მიერ მიღებული შედეგების განხილვა და აღნიშნული უნივერსიტეტების მონაწილეების შედეგებთან შედარება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარალელურად, მასტერკლასები გაიმართება შემდეგ უნივერსიტეტებში: ნაწილაკების ფიზიკის ცენტრი მარსელში, კეიპტაუნის უნივერსიტეტი, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი UAM/CSIC, UAM/CSIC; FSRE; CSIC - კანტაბრიის უნივერსიტეტი, Athens Demokritos.

 

სიახლეებში დაბრუნება