კონსტანტინე კამკამიძე - 90

კონსტანტინე კამკამიძე - 90

15-02-2018 ერთობ სასახელო ცხოვრების გზა განვლო პროფესორმა კონსტანტინე კამკამიძემ – დაუღალავი შრომისა და არჩეული პროფესიის უდიდესი ერთგულების ფასად მიაღწია თვალსაჩინო სამეცნიერო და საზოგადოებრივ აღიარებას.

კონსტანტინე კამკამიძე დაიბადა 1928 წლის 12 თებერვალს თბილისში, ცნობილი ინჟინრის, ნიკოლოზ კამკამიძის ოჯახში. ბავშვობისა და სიჭაბუკის უმძიმესი წლების მიუხედავად, მან შეინარჩუნა მაღალი ადამიანური ღირებულებანი, ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-9 საშუალო სკოლა და სწავლა მამის სპეციალობით განაგრძო. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკის ფაკულტეტზე სტუდენტობის წლებშივე შეუდგა სპეციალობით შრომით საქმიანობას, 1950 წელს წარჩინებით დაამთავრა ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო ჩითახევჰესის ელექტროტექნიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელად, ხოლო შემდეგ – ელექტროსაამქროს უფროსად. 1955 წელს ნიჭიერი ახალგაზრდა ინჟინერი “საქენერგოს” ცენტრალურ ლაბორატორიაში გადაიყვანეს, სადაც სათავეში ჩაუდგა ელექტროტექნიკური დანადგარების გამოცდისა და გაშვების მეტად საპასუხისმგებლო უბანს.

1955 წლიდან საქმიანობა მან სამეცნიერო მოღვაწეობას დაუკავშირა – გახდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წარმოების პროცესების ავტომატიზაციის კათედრის ასპირანტი. კათედრას სათავეში ედგა საქართველოში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის დარგის ფუძემდებელი, პროფესორი ნიკოლოზ გაბაშვილი. სწორედ ამ თვალსაჩინო მეცნიერისა და პიროვნების გვერდით იღვაწა, მასთან ერთად დაუდო საფუძველი პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე საქართველოში პირველ სასწავლოსამეცნიერო კვლევით საპრობლემო ლაბორატორიას ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის დარგში, სადაც უაღრესად მნიშვნელოვანი სამუშაოები სრულდებოდა და, ამასთან, ყალიბდებოდა ნიჭიერ ახალგაზრდა მეცნიერთა ავტორიტეტული სკოლა, რომელმაც შემდგომ საყოველთაო აღიარება მოიპოვა არა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. წლების განმავლობაში იგი ამ ლაბორატორიის მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე მუშაობდა.

1965 წელს კოტე კამკამიძემ წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1990 წელს – სადოქტორო. 1975 წელს მან ღირსეულად შეცვალა თავისი მასწავლებელი, პროფესორი ნიკოლოზ გაბაშვილი და სათავეში ჩაუდგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოთვლითი ტექნიკის კათედრას. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროფესორ კოტე კამკამიძის დამსახურება კათედრის სასწავლო-ლაბორატორიული ბაზის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში.

ფასდაუდებელია მისი მოღვაწეობა საქართველოში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შესრულდა ფუნდამენტური სამეცნიერო სამუშაოები მრავალპროცესორიანი გამოთვლითი სისტემების მოდელირებისა და მათი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით. აღსანიშნავია ქვეყნის ენერგოგაერთიანებაში მის მიერ დამუშავებული ახალი მრავალპროცესორიანი სისტემების დანერგვა. თვალსაჩინოა კოტე კამკამიძის მიღწევები რთული საწარმოო პროცესების მართვისთვის ახალი პარალელური მოქმედების კომპიუტერების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევის საქმეშიც.

პროფესორი კოტე კამკამიძე 130-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და 10 გამოგონების ავტორია. მის მიერ შექმნილ სახელმძღვანელოებზე აღიზარდა ინფორმატიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის დარგის სპეციალისტთა მრავალი თაობა. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია მრავალი გამოკვლევა და დაცულია საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები.

მეცნიერების განვითარებისა და ახალგაზრდა სპეციალისტთა აღზრდის საქმეში გაწეულმა ღვაწლმა პროფესორ კოტე კამკამიძეს დამსახურებული ავტორიტეტი და აღიარება მოუპოვა. იგი არჩეულია საქართველოს საინჟინრო და ენერგეტიკული აკადემიების წევრად, აგრეთვე, საერთაშორისო კომპიუტერული მეცნიერებისა და სისტემების აკადემიის წევრკორესპონდენტად.

პროფესორი კოტე კამკამიძე ეროვნული ტექნიკური ინტელიგენციის ჭეშმარიტად ღირსეული წარმომადგენელია. იგი შესანიშნავი მეუღლე, მამა და ბაბუაა და დღესაც ჩვეული ენერგიითა და შემართებით ხელმძღვანელობს ახალგაზრდა მკვლევრებს ემერიტუსპროფესორის რანგში.

ღირსეულ მეცნიერს, ახალგაზრდობის აღმზრდელსა და ღვაწლმოსილ მამულიშვილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელოვან მეცნიერს ვულოცავთ ღირშესანიშნავ თარიღს, მხნეობასა და ახალ შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ.

 

სიახლეებში დაბრუნება