იუბილე

10-10-2011
გრაცის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის (ავსტრია)
200 წლის იუბილე
 
30 ექტემბერს გრაცის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა (ავსტრია) 200 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილობდა 1000-მდე საპატიო სტუმარი 30 ქვეყნიდან. მოწვეულ სტუმრებს შორის საქართველოს წარმოადგენდა სტუ-ის საერთშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი, პროფ. ოთარ ზუმბურიძე, რომელიც გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის რექტორის, პროფ. ჰანს ზუნკელის სპეციალური მიწვევით ეწვია გრაცს.

ოთარ ზუმბურიძემ, იუბილესთან დაკავშირებით, გრაცის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან მისალოცი ადრესი და საჩუქარი გადასცა. სტუ-მ გრაცის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სტუ-ის სიმბოლიკის ერთ-ერთი ატრიბუტი, ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი  ბრინჯაოს არწივის (II ს ძვ.წ. აღ-ით) მინიატურული ვერცხლის ასლი და შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" სასაჩუქრე, მომინანქრებულ ყდაში ჩასმული, ილუსტრირებული გამოცემა უსახსოვრა.

გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი საერთაშორისო კვლევებისა და განათლების ქსელში არსებულ უმნიშვნელოვანეს უნივერსიტეტს წარმოადგენს ინჟინერინგისა და მეცნიერების სფეროში. საზოგადოების სამსახურში კვლევებისა და სწავლების თითქმის ორასწლიანი გამოცდილებით, გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ავსტრიის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ინსტიტუტია. უნივერსიტეტის წარმატებასა და მის უბადლო რეპუტაციას განაპირობებენ მასთან დაკავშირებული  ისეთი საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერების სახელები, როგორებიცაა: ნიკოლა ტესლა, რიხარდ ზიგმონდი, ჰერბერტ ეიშჰოლცერი, ჰანს ლისტი, ოტო ნუსბაუმერი, ფრიდრიხ მოსი, ანა-ლულია პრაუნი, ფრიდრიჰ შმიდლი, ფერდინანდ ვიტენბაუერი…  
 
აღსანიშნავია, რომ ჰანს ზუნკელს რექტორობის ვადა ამოეწურა და საზეიმო ღონისძიებების დასრულების შემდეგ, 3 ოქტომბრიდან, გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შესრულებას პროფესორი ჰარალდ კაინცი შეუდგა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები