ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის - „ხარკოვის პოლიტექნიკურ ინსტიტუტის“ რექტორის ვიზიტი სტუ-ში

15-02-2018 14 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა უკრაინის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის - „ხარკოვის პოლიტექნიკურ ინსტიტუტის“ რექტორი, უკრაინის ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფ. ევგენი სოკოლი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი „ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი“ 1982 წლიდან, აქტიურად თანამშრომლობენ სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის პროფ. ევგენი სოკოლს.

მიმდინარე წელს, ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში, სტუ-სა და ნტუ-ს წამყვანმა მეცნიერებმა მოამზადეს საპროექტო განაცხადი ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოს დასაფინანსებლად და უახლოეს პერიოდში წარადგენენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ჰორიზონტ 2020“ პროგრამის საგრანტო კონკურსში.

საგულისხმოა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა უკრაინული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ  საერთაშორისო სამეცნიერო–ტექნიკურ კონფერენციებში, მათ შორისაა კონფერენციები „ავტომატიზებული ელექტროამძრავის პრობლემები. თეორია და პრაქტიკა“, „ძალური ელექტრონიკა და ენერგოეფექტურობა“.

სტუ-ში ვიზიტის დროს უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით  სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების, ასევე, აკადემიური პერსონალის სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით მივლინებებს ქართულ და უკრაინულ უნივერსიტეტებში.

აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ნაყოფიერი და ხანგრძლივი თანამშრომლობისათვის, სტუ-სა და ნაციონალურ ტექნიკურ უნივერსიტეტს - „ხარკოვის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს“ შორის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პროფ. ევგენი სოკოლს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები