განახლებადი ენერგიის ლაბორატორია

11-10-2011
განახლებადი ენერგიის ლაბორატორია
 
11 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა. ენერგეტიკული და მონათესავე პროფილის სპეციალისტების საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მომზადების მიზნით შექმნილი ლაბორატორია აღჭურვილია მზის ენერგიაზე მომუშავე თანამედროვე წყალგამაცხელებელი სისტემებით, გამოსხივების ფოტოელექტრონული გარდამქმნელებით, თბური ტუმბოთი, მცირე სიმძლავრის ქარგენერატორით და გათბობის მაღალეფექტური ჰიდრავლიკური სისტემით.
ლაბორატორია გახსნა სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა, რომელმაც სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას. ღონისძიებას  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, WINROCK-ის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გიორგობიანი, USAID-ის საერთშორისო ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ოფისის წარმომადგენელი დავით თვალაბეიშვილი და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სხვა საპატიო სტუმრები.
ლაბორატორიის აღჭურვის ხარისხი იძლევა უნიკალურ შესაძლებობას დოქტორანტების მომზადებისთვის, სხვადასხვა პროფილის ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებისა და პროფესიონალი ენერგეტიკოსების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ავსტრიული კომპანია HERZ Armaturen–ის, აშშ საერთასაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ერთობლივი ძალისხმევით. ლაბორატორიის მოწყობილობა, რომელიც კომპლექსური სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, დამონტაჟდა ავსტრიელი, უკრაინელი და ქართველი სპეციალისტების მიერ.
საწყის ეტაპზე ლაბორატორიის მომსახურე პერსონალს ტრენინგებს ჩაუტარებენ ავსტრიელი და უკრაინელი სპეციალისტები. სამომავლოდ კი იგეგმება განახლებადი ენერგიის გამოყენების თანამედროვე ტექნიკის სადემონსტრაციო ხაზის მოწყობა და სამუშაო შეხვედრები ელექტრომომარაგებისა და გათბობა-ცხელწყალმომარაგების პროფილის ადგილობრივ კომპანიებთან.
განახლებადი ენერგიის ლაბორატორიაში მიღებული კვლევის შედეგები შექმნის გამოცდილების საიმედო ბაზას ეკოლოგიურად და ენერგეტიკულად ეფექტური ტექნოლოგიების ფართო გამოყენებისთვის და ხელს შეუწყობს ენერგეტიკული დარგის სპეციალიზაციების პოპულარიზაციას საქართველოში. 

 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები