აკადემიკოს თეიმურაზ ლოლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

22-10-2011
აკადემიკოსი თეიმურაზ ლოლაძე
გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოში მანქანათმშენებლობის დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი და საყოველთაოდ აღიარებული მკვლევარი თეიმურაზ ნიკოლოზის ძე ლოლაძე დაიბადა 1920 წლის 24 მაისს, ქუთაისში.
1942 წელს, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის საავიაციო ქარხანაში საამქროს ტექნოლოგის თანამდებობაზე. შემდეგ იგი მუშაობდა ოსტატად, საამქროს უფროსად და ქარხნის მთავარი ტექნოლოგის მოადგილედ. 1946 წლიდან თ. ლოლაძე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტია. 1950 წელს მან წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და გამოაქვეყნა მონოგრაფია “ბურბუშელის წარმოქმნა ლითონების ჭრის დროს”, რომელიც ითარგმნა და 1954 წელს ბერლინში გამოიცა. 1959 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, რომელსაც საფუძვლად დაედო 1958 წელს გამოცემული მეორე მონოგრაფია “მჭრელი იარაღის ცვეთა”. 1960 წელს თ. ლოლაძეს პროფესორის წოდება მიენიჭა.
თეიმურაზ ლოლაძის შრომები ეხება ლითონის ჭრის პროცესში ბურბუშელის წარმოქმნის მექანიზმს, იარაღის მჭრელი ნაწილის მდგომარეობის, მჭრელი იარაღის და დასამუშავებელი დეტალის კონტაქტის ზონაში ხახუნისა და ცვეთის ფიზიკური საფუძვლების შესწავლას. მან შეიმუშავა მჭრელი იარაღის სიმტკიცისა და დიფუზიური ცვეთის თეორიები (მასალების ჭრით დამუშავების ტრიბოლოგია); შექმნა ჭრის პროცესის ფიქსირების ორიგინალური მეთოდი; შეიმუშავა აგრეთვე მანქანათმშენებლობის საწარმოო პროცესების ახალი კლასიფიკაცია და მის საფუძველზე დეტალების დამუშავების ოპტიმალური ტექნოლოგიური პროცესების შექმნის მეთოდოლოგია.
თ. ლოლაძის მეცნიერულ გამოკვლევათა საფუძველზე შექმნილია მასალის დამუშავების ახალი, დიდმწარმოებლური მეთოდები, ჩარხები და მანქანები, ახალი შენადნობი მჭრელი იარაღისა და სამარჯვებისათვის, რომლებიც დანერგილია მრავალ მანქანათსაშენ და მეტალურგიულ ქარხანაში. თ. ლოლაძის მონოგრაფიები და შრომები გამოცემულია აშშ-ში, ინგლისში, გერმანიაში, იაპონიაში, რუსეთში, საფრანგეთში, უკრაინაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში და სხვ.
თ. ლოლაძის მიერ მომზადებულია 15 მეცნიერებათა დოქტორი და 40 კანდიდატი. მის მიერ ჩატარებული კვლევების სამეცნიერო შედეგები ასახულია 180 სამეცნიერო ნაშრომში, მათ შორის 9 მონოგრაფიასა და 80 საავტორო მოწმობაში, რომელთაგან 11 პატენტია.
თ. ლოლაძის მეცნიერული სკოლა ფართოდაა ცნობილი საზღვარგარეთ.
1974 წელს თ. ლოლაძე არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1974 წელს - აკადემიკოსად. 1966 მას საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. თ. ლოლაძე არის კოშიცეს (ჩეხოსლოვაკია) უმაღლესი ტექნიკური სკოლის (1978 წ.), დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის (1982 წ.), ხარკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის (1966 წ.) საპატიო დოქტორი, მანქანათმშენებლობის წარმოების ტექნოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოების (CJRP)
ნამდვილი წევრი (1966 წლიდან), აშშ-ის ინჟინერ-მექანიკოსთა საზოგადოების საპატიო წევრი (1983 წ.). პროფესორი თ. ლოლაძე 1958 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრას განაგებდა. 1971 წლიდან იგი იყო ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში, 1981-1988 წლებში ­_ რექტორი.
1967-1971 წლებში მუშაობდა მანქანათმშენებლობისა და ელექტროტექნიკის საპროექტო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად.
თ. ლოლაძე 1961-1963 წლებში გაეროს ხაზით პედაგოგიურ და სამეცნიერო-ორგანიზაციულ მოღვაწეობას ეწეოდა ინდოეთში, ბომბეის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, ხოლო 1967-1969 წლებში - ეგვიპტეში, მანსურის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.
1979-1988 წლებში თ.ლოლაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა დედამიწისა და კოსმიური ბაზირების რადიოტელესკოპების დიდგაბარიტიანი ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების უნიკალური გამოსაცდელი კომპლექსი. ამავე დროს თ. ლოლაძის ხელმძღვანელობით ინტენსიურად ვითარდებოდა კოსმიური კრიოგენული მანქანათმშენებლობა, რის შედეგადაც შეიქმნა უნიკალური დგუშიანი მიკრომანქანები, მათ შორის მრავალჯერადი გამოყენების კოსმიურ ხომალდ “ბურანზე” დადგმული თხევადი ჟანგბადის მოწყობილობა ორიგინალური დგუშიანი ტუმბოთი. შემდგომში ეს ორივე სამუშაო საქართველოს სახელმწიფო პრემიით აღინიშნა.
აკადემიკოსმა თ. ლოლაძემ 1992 წელს, სხვა ქართველ მეცნიერებთან ერთად, დააფუძნა საქართველოს საინჟინრო აკადემია. იგი იყო ამ აკადემიის პრეზიდიუმის წევრი და მანქანათმშენებლობის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.
თ. ლოლაძე მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესის, სიმპოზიუმისა და კონფერენციის ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე იყო.
მეცნიერებასა და ტექნიკაში, აგრეთვე საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარებაში მოპოვებული უდიდესი მიღწევებისათვის თ. ლოლაძე მრავალი ორდენითა და მედლით იყო დაჯილდოებული, მათ შორის - ღირსების ორდენით (1997 წელს). დაბადების 80 წლისთავზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი საბჭოს გადაწყვეტილებით, იგი უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოთი -გიორგი ნიკოლაძის მედლით დაჯილდოვდა.
ღირსეული მამულიშვილი, დიდი მეცნიერი, მოაზროვნე და აღმზრდელი, აკადემიკოსი თეიმურაზ ლოლაძე 2000 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა. მან პირნათლად მოიხადა ვალი თავისი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
პატივცემულო კოლეგებო,
საორგანიზაციო კომიტეტი გაცნობებთ, რომ 2011 წლის 24–27 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება აკადემიკოს თეიმურაზ ლოლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ინოვაციური ტექნოლოგიები და მასალები".

კონფერენციის მუშაობის ფორმები:
  • დასწრებული და დისტანციური მონაწილეობა (ტელეკონფერენცია);
  • დისკუსიებში მონაწილეობა.
რეგლამენტი:
  • პლენარულ სხდომაზე მოხსენებისათვის - 20 წთ.
  • სექციურ სხდომებზე გამოსვლისათვის - 15 წთ.
  • დისკუსია - 10 წთ.
ჩატარების დრო და ადგილი:
24-27 ოქტომბერი, სტუ, თბილისი, კოსტავას ქ. 77, ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები