სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია

26-10-2011
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია
 
26 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ გახსნეს ფიზიკის განახლებული სასწავლო ლაბორატორია, ცნობილი ამერიკული ფირმის PASCO-ს მიერ დამზადებული უახლესი, თანამედროვე კომპიუტერული გამზომი ინსტრუმენტებითა და ლაბორატორული დანადგარებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ შეძენილი მოწყობილობების ჩამონათვალში  შედის ასევე, ფუნდამენტური კონსტანტების ლაბორატორია.  
ლაბორატორიის აღჭურვილობა საშუალებას იძლევა, ჩატარდეს დაახლოებით 80 ლაბორატორიული სამუშაო მექანიკის, მოლეკულური ფიზიკის, ელექტროობის, ოპტიკისა და ატომური ფიზიკის  მიმართულებით.
ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება დაიგეგმოს და შესრულდეს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო გამოყენებითი ფიზიკის მრავალ დარგში, როგორც მაგისტრატურის, ასევე დოქტორანტურის დონის სამეცნიერო კვლევების შესრულების უზრუნველყოფისთვის.
გარდა ამისა, ლაბორატორიაში დაიდგმება შედარებით მარტივი ლაბორატორული ამოცანები, განკუთვნილი პირველი კურსის პირველ სემესტრში სტუდენტთა იმ კონტინგენტისთვის, რომლებიც გაივლიან საბაზო მომზადებას ფიზიკაში.
ასევე, იგეგმება მოსწავლეებისთვის საკვირაო სკოლის გამართვა. აღნიშნული ლაბორატორიის გამოყენება შესაძლებელია საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლების თანამედროვე მოთხოვნების დონეზე კვალიფიკაციის ასამაღლებლადაც.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სასწავლო ლაბორატორია უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის მასშტაბით.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები