Erasmus+ - სალექციო კურსი მათემატიკის მიმართულებით დებრეცენის უნივერსიტეტში

Erasmus+ - სალექციო კურსი მათემატიკის მიმართულებით დებრეცენის უნივერსიტეტში

08-01-2018 2017 წლის 2-9 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის გამოთვლითი მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა უნგრეთის დებრეცენის უნივერსიტეტში (University of Debrecen – UD), სადაც მან აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში სალექციო კურსი წაიკითხა.

დებრეცენის უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტში ქართველმა პროფესორმა სტუდენტებს წაუკითხა ლექციები, რომელიც მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნორმირებულ სივრცეებში ნიშან-ინვარიანტული წყვილების მოძებნის ალგორითმი,  უტოლობა, რომელიც გარკვეულ კავშირს ამყარებს მომენტებს შორის და ადამარის (სილვესტრის) მატრიცის თვისებები და მათი ზოგიერთი გამოყენება. ლექციათა კურსი ეყრდნობოდა სტუ-ს პროფესორის მიერ ადრე მიღებულ და გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს.

ქართველმა პროფესორმა ლექციები წაუკითხა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

უნგრეთის უნივერსიტეტში მას მასპინძლობას უწევდა პროფ. აგოტა ფიგულა, რომელთან თანაავტორობით პროფ. კვარაცხელიას გამოქვეყნებული აქვს სტატიაც.

აღსანიშნავია, რომ მობილობის ფარგლებში პროფ. კვარაცხელიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო სემინარის მუშაობაში, რომელიც დებრეცენის უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტში ჩატარდა. სემინარზე სამეცნიერო პრობლემებთან ერთად განხილული იქნა უნივერსიტეტებს შორის მომავალი სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხები.

უნგრეთის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი განხორციელდა ერაზმუს+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია დებრეცენის უნივერსიტეტი.

 

სიახლეებში დაბრუნება