Erasmus+ - სალექციო კურსი საქართველოს სატრანსპორტო სისტემაზე ვილნიუსის ტექნოლოგიებისა და დიზაინის კოლეჯში

Erasmus+ - სალექციო კურსი საქართველოს სატრანსპორტო სისტემაზე ვილნიუსის ტექნოლოგიებისა და დიზაინის კოლეჯში

14-11-2017 6-10 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა ვილნიუსის ტექნოლოგიებისა და დიზაინის კოლეჯში (ლიტვა) (Vilnius College of Technologies and Design - VTDKO).

ბორის გითოლენდიამ ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს წაუკითხა სალექციო კურსი საქართველოს სატრანსპორტო სისტემის შესახებ. ამასთან ერთად, საჯარო ლექციების ფორმატში მან ვრცლად ისაუბრა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალისა და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე და სტუდენტებისათვის საინტერესო სხვა აქტუალურ საკითხებზე.

პროგრამის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გაიმართა ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრებზე  განხილული იქნა ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და პერსპექტივები.

ლიტვის უნივერსიტეტში ჩატარებულ საჯარო ლექციებსა თუ შეხვედრებზე, ასევე, წარდგენილი იყო ვრცელი პრეზენტაციები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ. 

ლიტველი პროფესორის იური ტრეტიაკოვის ორგანიზებით ახალგაზრდა ქართველმა  მეცნიერმა დაათვალიერა ტექნოლოგიების ფაკულტეტზე არსებული თანამედროვე ლაბორატორიები და სასწავლო ცენტრები.   

8-9 ნოემბერს, ლიტვაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასოც. პროფ. გითოლენდიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ვილნიუსის ტექნოლოგიებისა და დიზაინის კოლეჯის ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „ინოვაციური ტექნოლოგიები მდგრადი განვითარებისთვის“, სადაც მან წაიკითხა მოხსენება „საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ინტერმოდალურობის პრობლემის ანალიზი“. მოხსენებაში გითოლენდიამ განიხილა და წარმოადგინა შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო კონკურსში მოპოვებული პროექტის ფარგლებში მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

სამუშაო ვიზიტი ვილნიუსში განხორციელდა ერაზმუს+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია ვილნიუსის ტექნოლოგიებისა და დიზაინის კოლეჯი.

 

სიახლეებში დაბრუნება