არქიტექტურული კონკურსი

08-12-2011
XXIV სტუდენტური არქიტექტურული კონკურსი
 
26 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე გაიმართა ტრადიციული, XXIV სტუდენტური არქიტექტურული კონკურსი, რომლის თემა იყო “არა ტერორიზმს”. კონკურსი მიეძღვნა ნიუ-იორკის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის 10 წლისთავს და მის მსხვერპლთა ხსოვნას. 
კონკურსში მონაწილეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის 57 სტუდენტი.
სტუდენტთა ნამუშევრები გამოიფინა სტუ-ის საგამოფენო დარბაზ „უნივერსში“, სადაც 29 ნოემბერს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
წამახალისებელი პრემიები მიიღეს მარიამ ჭულუხაძემ (სტუ), ბესარიონ ლეჟავამ (თსსა), ირაკლი წოწორიამ (სტუ), სალომე მიქაბერიძემ (თსსა), თამარ ბენაშვილმა (სტუ), თემურ თაბუკაშვილმა (თსსა). ორი მესამე პრემია დაიმსახურეს ნონა დავითაიამ (თსსა) და ვანიკო ქათამაშვილმა (სტუ). ორი მეორე პრემია წილად ხვდათ შოთა გელაშვილს (თსსა) და ბექა ხუციშვილს (სტუ), ხოლო ორი პირველი პრემია მარიამ გორჯოლაძეს და თამარ ცანავას (სტუ). საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ დაწესებული გრან პრი გადაეცა სტუ-ის სტუდენტს ქეთი სვანიძეს.
დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშემ იაროსლავა (ლოლა) პეტროვამ. მან მადლობა გადაუხადა კონკურსის ორგანიზატორებს და სტუდენტებს აშშ-სადმი თანაგრძნობისათვის და გამარჯვებულებს გადასცა სამახსოვრო საჩუქრები.
ჟურნალ “სტილის” რედაქტორმა დიმიტრი მოსულიშვილმა გამარჯვებულებს გადასცა ჟურნალ “სტილის” ბოლო ნომერი, ხოლო გრანპრის მფლობელს, ქეთი სვანიძეს, გადაეცა წიგნი – “თანამედროვე ქართველი არქიტექტორები”. 
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრნენ სტუ-ისა და თსსა-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები