Erasmus+ - სამუშაო ვიზიტი იტალიის ლაქვილას და ფოჯას უნივერსიტეტებში

21-12-2017 15-30 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი სპეციალისტი მარიკა ზვიადაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ლაქვილას უნივერსიტეტში (იტალია). ვიზიტი ERASMUS+ KA1 პროექტის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის ფარგლებში განხორციელდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა იტალიური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში წარადგინა პრეზენტაცია სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის მუშაობის შესახებ. ღონისძიებას ლაქვილას უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებიც დაესწრნენ. მასპინძელთა მხრიდან კითხვები, ძირითადად, შეეხებოდა საერთაშორისო პროექტებში ჩართულობას, ევროპის უნივერსიტეტებში სტუდენტების მიერ დაგროვებული კრედიტების საქართველოში აღიარებას, ქართულ უნივერსიტეტებში არსებული ინფრასტრუქტურის გამართულობას შშმ პირებისთვის და სხვ.   

განხილული იქნა ტელეკომუნიკაციაში ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების დამუშავების შესაძლებლობები, რომლის გავლის შემდეგაც სტუდენტები მიიღებენ ორმაგ დიპლომს.

სტუ-ს თანამშრომელი დაესწრო ერაზმუს+ KA2 პროექტის - „სასწავლო გეგმების მოდერნიზაცია ინტელექტუალური შენობების მშენებლობისა და ეკომშენებლობის სტანდარტების სფეროში“  (“Modernization of the Curricula in Sphere of Smart Building Engineering – Green Building (GREB)” - ფარგლებში გამართულ ღონისძიებას, რომელიც შეეხებოდა სასწავლო გეგმების მოდერნიზაციას და რომელშიც მონაწილეობდნენ იტალიის, შვედეთის, ესპანეთის, სლოვენიის, ბელგიის, რუსეთის, უზბეკეთისა და მონღოლეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. დაიგეგმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა მადრიდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან, ასევე, ე. წ. პოსტსაბჭოთა ქვეყნების უნივერსიტეტებთან.

მარიკა ზვიადაძე მონაწილეობდა 2017-2018 სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიაში, ასევე, ესწრებოდა ღონისძიებას, რომელიც ეძღვნებოდა ლაქვილას უნივერსიტეტში ერაზმუსის პროექტის დანერგვის 30 წლისთავს და იტალიელი მეცნიერის, აკადემიკოსის, პოლიტიკოსის, ვინჩენცო რივერას გარდაცვალებიდან 50 წლისთავს. აქტიურად მონაწილეობდა ღონისძიების მომზადების პროცესშიც. ცერემონიას ესწრებოდნენ აბრუცოს რეგიონის მთავრობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო წრეების წარმომადგენლები, ასევე, იტალიელი პედაგოგი, ე. წ. „ერაზმუსის დედა“ (Mamma Erasmus) სოფია კორადი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი, სტუდენტების მონიტორინგის მიზნით, იმყოფებოდა, ასევე, ფოჯას უნივერსიტეტში (პულიას რეგიონი), სადაც იტალიის მთავრობისა და ფოჯას უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში (MUSA და MOBIS) სტუ-ის 3 სტუდენტი სწავლობს. მარიკა ზვიადაძე შეხვდა ფოჯას უნივერსიტეტის ერაზმუსის ოფისის ხელმძღვანელს, პროფესორ ჯულიო ესპოზიტოს, რომელთანაც ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივები განიხილა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები