ERASMUS+ - სალექციო კურსი ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით

ERASMUS+ - სალექციო კურსი ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით

23-10-2017 16-19 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში სტუმრობდნენ თურქეთის აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის (Afyon Kocatepe University – AKU) წარმომადგენლები: ასისტენტ პროფესორები მეჰმეტ ფინდიკი (Mehmet Fındık), სემ გიოქჩე (Cem Gökçe), ასისტენტი ოზგურ აიდოღუსი (Özgür Aydoğuş) (როგორც ადმინისტრაციული პერსონალი) და ასისტენტ პროფესორი აჰმეტ ინკაია (Ahmet İnkaya) (როგორც აკადემიური პერსონალი).

თურქი მეცნიერები სტუ-ში იმყოფებოდნენ ტრენინგისა და სწავლების მიზნით ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მობილობის პროექტით, რომელშიც მონაწილეობს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი.

აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მეცნიერებების ფაკულტეტის პედაგოგები ახლოს გაეცნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მასში მიმდინარე სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესებს. მათ დაათვალიერეს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი და მისი პოპულარული ლაბორატორიები.

ასისტ. პროფ. ინკაიამ სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტში ჩაატარა საჯარო ლექცია დეპარტამენტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ეკონომიკის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფ. ალექსანდრე სიჭინავასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვე ეკონომიკურ განათლებას და არსებულ სწავლების მეთოდებს თურქეთსა და საქართველოში.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ სამუშაო შეხვედრებში თურქმა პროფესორებმა ისაუბრეს თავიანთ სამეცნიერო აქტივობებსა და მიღწევებზე, ჩაატარეს პრეზენტაცია აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის შესახებ და უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობებზე.

მობილობის პროგრამით გათვალისწინებული სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ფარგლებში თურქმა სტუმრებმა დაათვალიერეს მცხეთა, ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველი.

 

სიახლეებში დაბრუნება