პროექტი “ურბან ლაბი” - სემინარი "ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის REკონცეფცია"

17-08-2017 8-10 სექტემბერს, ბათუმში, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს პროგრამა “REკონცეფციის” პროექტ “ურბან ლაბის” ფარგლებში, ჩატარდება სემინარი - ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის REკონცეფცია.

პროექტი “ურბან ლაბი” მიზნად ისახავს სტუდენტების ჩართულობით ხელი შეუწყოს საქართველოს მასშტაბით არსებული სტრუქტურებისა და მათი სივრცეების განახლებას, შესაბამისად, მართვის კონცეფციებისა და არქიტექტურული პროექტების განვითარებას. პროექტისათვის სივრცე ირჩევა სხვადასხვა უწყებასთან და ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. პროექტში მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, გამოავლინონ თავიანთი უნარები, შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება ინფრასტრუქტურული და მენეჯმენტის პროექტების შემუშავების პროცესში და თავად შექმნან სასურველი საჯარო სივრცე.

პროექტში მონაწილე თითოეული ჯგუფი დაკომპლექტდება სხვადასხვა პროფესიის მქონე სტუდენტებისგან. მონაწილეები მოამზადებენ ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის განახლებულ კონცეფციას.

პროექტის ბოლოს გამოვლენილი გამარჯვებული გუნდი შემოქმედებით საქართველოსთან, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან და ა.ა.რ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან პარტნიორობით გააგრძელებს პროექტის განვითარებას.
 
სემინარში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებს ნებისმიერი მიმართულებიდან (საქართველოს მასშტაბით).

სემინარში მონაწილეობა უფასოა.

მონაწილეებს საქართველოს სხვა ქალაქებიდან დაუფინანსდებათ მგზავრობა.

სემინარის სამუშაო ენა ქართულია.

განაცხადები მიიღება აპლიკაციის ფორმით, მიმდინარე წლის 25 აგვისტომდე.

სემინარის ორგანიზატორია სსიპ შემოქმედებითი საქართველო, პარტნიორები: ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე; აჭარის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტრო.
 
პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები