სტუ-ს დოქტორანტის თამარ ხოშტარიას სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტი ლისაბონში

13-08-2017 10-20 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მე-2 კურსის დოქტორანტი, არქიტექტორი თამარ ხოშტარია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ლისაბონში (პორტუგალია). სამუშაო ვიზიტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტის ფარგლებში (გრანტის ნომერი PhDF2016_201) და ასევე, ევროკავშირის Tempus პროგრამის RETHINK პროექტის ინსტიტუციური მხარდაჭერით განხორციელდა.

პორტუგალიაში ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში:

11-14 ივლისს AESOP ევროპული გეგმარებითი სკოლების ასოციაციის კონგრესში და 12-15 ივლისს - PROHITECH’17 ისტორიული კონსტრუქციების დაცვის მე-3 საერთაშორისო კონფერენციაში.

AESOP კონგრესი  და PROHITECH’17 კონფერენცია გაიმართა ლისაბონის უნივერსიტეტის ტექნიკური ინსტიტუტის (Instituto Superior Technico), გეოგრაფიისა და ტერიტორიული მოწყობის ინსტიტუტისა (Instituto de Geografia e Ordenamento do Território) და ლისაბონის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის (FAUL) ორგანიზატორობით და ისეთი ინსტიტუციების მხარდაჭერით, როგორიცაა ნეაპოლის უნივერსიტეტი, პორტუგალიის ინჟინერთა კავშირი, არქიტექტორთა კავშირი და სხვ.

11 ივლისს AESOP კონგრესზე თამარ ხოშტარიამ წარადგინა მოხსენება „სამხრეთ საქართველოს სამკურნალო ტურისტული კლასტერის ანალიზი საკურორტო დასახლებათა რეგიონული გეგმარების გერმანულ და უნგრულ მაგალითებთან შედარებით“. მოხსენების ავტორთა ჯგუფს წარმოადგენდნენ თ. ხოშტარია, ნ. ჩაჩავა, გ. ნაჰრენდორფი, ვ. ცუპონი, ა. მალერბა. მოკლე შინაარსის ნახვა შესაძლებელია ბმულზე (189-190 გვ.). AESOP კონგრესის დასკვნით ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა ევროპული გეგმარებითი სკოლების ასოციაციის ახალი მენეჯმენტი.

14 ივლისს PROHITECH’17 კონფერენციაზე ახალგაზრდა ქართველი დოქტორანტის პრეზენტაციამ „მცირე საკურორტო ქალაქების არქიტექტურული მემკვიდრეობა სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ მსმენელთა სერიოზული დაინტერესება გამოიწვია საქართველოს ტურისტულ - სარეკრეაციო - საკურორტო დასახლებების პრობლემებითა და პერსპექტივებით (იხ. კონფერენციის პროგრამის ბმული, 43 გვ.). 

საქართველოს არქიტექტურული მემკვიდრეობით PROHITECH’17 კონფერენციის ორგანიზატორთა დაინტერესებამ სამომავლო თანამშომლობის მნიშვნელოვანი პერსპექტივები დასახა. აღსანიშნავია, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში მათ გამოგზავნეს მადლობის წერილი კონფერენციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

ლისაბონში ყოფნის პერიოდში თამარ ხოშტარია, ასევე, კვლევითი ვიზიტით სტუმრობდა ლისაბონის უნივერსიტეტის ტექნიკური ინსტიტუტს და ლისაბონის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტს, სადაც ის ახლოს გაეცნო პორტუგალიის არქიტექტურული და საინჟინრო მეცნიერების შესანიშნავ ტრადიციებსა და თანამედროვე მიდგომებს მდგრადი ურბანისტიკის საკითხებში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები