ICEF საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები სტუ-ში

28-07-2017 17 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ საერთაშორისო განათლების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის ICEF-ის წარმომადგენლები: აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი მარკუს ბადე (Markus Badde) და პროფესორი მაიკლ ჰენინგერი (Michael Henninger).

სტუმრები გაეცნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესებს, უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებსა და სწავლის პირობებს, დაათვალიერეს უნივერსიტეტის პოპულარული სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ლაბორატორიები, შეხვდნენ პროფესორ-მასწავლებლებს და  დაგეგმეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ICEF აერთიანებს საერთაშორისო სტუდენტების რეკრუტირების ყველაზე მსხვილ და მრავალრიცხოვან სააგენტოებსა და აგენტებს მსოფლიო მასშტაბით.

კომპანიის წარმომადგენლების საქართველოში ორდღიანი ვიზიტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ვისწავლოთ საქართველოში“  ფარგლებში განხორციელდა და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ახლოს გაცნობოდნენ რამდენიმე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას, დაეთვალიერებინათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ამასთან ერთად, სამუშაო შეხვედრებზე განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროს პროექტი "ვისწავლოთ საქართველოში" მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის პოპულარიზებასა და უცხოელი სტუდენტების მოზიდვას  ქვეყნის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ცნობადობის გაზრდას.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები