InnoCENS საინოვაციო სისტემების სასწავლო კურსი სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

InnoCENS საინოვაციო სისტემების სასწავლო კურსი სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

14-06-2017 1-10 ივნისს სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (შვედეთი) ჩატარდა სასწავლო პრაქტიკული სემინარი საინოვაციო სისტემებთან დაკავშირებით, რომელიც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის InnoCENS (Enhancing Innovation Competences and Entrepreneurial Skills in Engineering Education) პროექტის ფარგლებში გაიმართა.

პროექტი InnoCENS წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს (573965-EPP-1-2016-1-SE-EPPKA2-CBHE-JP) და ითვალისწინებს ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში.

საგრანტო პროექტის კოორდინატორ შვედეთის სამეფო ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სასწავლო ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების (საქართველო, სომხეთი, შვედეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, ფინეთი) წარმომადგენლების მიერ ერთობლივად შემუშავებულიყო ორი სასწავლო საგნის „ინოვაცია ტექნოლოგიებში“ და „ინოვაციური ტექნოლოგიები მეწარმეობისათვის“ სილაბუსის პირველადი სამუშაო ვერსიები (პროექტი), სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტის გამოცდილების გათვალისწინებით.

ამავდროულად, პროექტის მონაწილეები გაეცნენ შვედეთის ნაციონალური კვლევითი და ინოვაციური სამოქმედო პროგრამის ძირითად პრინციპებს, შვედეთის ინოვაციურ სტრატეგიას ნაციონალურ და რეგიონალურ დონეებზე, ასევე, საგანამანათლებლო სფეროში მეწარმეობის განვითარებისა და მხარდაჭერის კუთხით არსებულ კომპლექსურ საკითხებს.

სასწავლო პრაქტიკული სემინარის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებული იყო საქმიანი ვიზიტები შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტის, უპსალას უნივერსიტეტისა და კისტას ინოვაციურ ცენტრებში, სხვადასხვა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებსა და ბიზნეს ორგანიზაციებში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან შვედეთში გამართულ სასწავლო სემინარში მონაწილეობას ღებულობდნენ ლაშა იოსებიძე (საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახური) და ბორის გითოლენდია (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი).

 

სიახლეებში დაბრუნება