"საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდი" - QUALI-Start-Up ლექციების კურსი

23-06-2017 2017 წლის სექტემბერში „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში, იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩატარდება ე.წ. QUALI-Start-Up ლექციების კურსი.

აღსანიშნავია, რომ პროექტი წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის - „შემოდგომის ლექციები თბილისში“- პროექტის (2013, 2015) გაგრძელებას. პროექტის ხელმძღვანელია ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი.

ლექციების თემატიკა მოიცავს ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის (ბირთვული ფიზიკა, ნანოტექნოლოგიები, სამედიცინო ფიზიკა), ქიმიის (ენერგიისა და კლიმატის კონტროლი), სიცოცხლის შემსწავლელი და ჯანმრთელობის, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებებს.

პროექტის პირველი ეტაპის შემდეგ საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმიდან (სტუ, თსუ, აგრიუნი და ილიაუნი) 47 აპლიკანტი შეირჩა.

კონკურსის მეორე ეტაპის ჩასატარებლად 5-11 ივნისს თბილისში იმყოფებოდნენ იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფ. საბინე დუსი; ნეირომედიცინის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ბერნ ნოემაიერი; ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ჰანს შტროერი და ამავე ინსტიტუტის თანამშრომლები. პროფ. დეტლევ გოტა, დოქტორები ანდრო კაჭარავა და ირაკლი ქეშელაშვილი; ელექტრონიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. გალებ ნატუა; ენერგიისა და კლიმატის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ანდრეას ვანერი და აახენის უნივერსიტეტის პროექტების მენეჯერი, დოქტორი ანდრეა შტოკერო.

7 ივნისს იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შეხვდნენ რექტორს, ბატონ არჩილ ფრანგიშვილს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რის შემდეგაც საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში ჩატარდა გასაუბრება სტუდენტებთან.

გასაუბრებები ჩატარდა კონსორციუმის დანარჩენ წევრ უნივერსიტეტებშიც, თსუ-სა და აგრიუნში.

9 ივნისს შეჯამდა უნივერსიტეტებში ჩატარებული გასაუბრების შედეგები და არჩეული იქნა 20 სტუდენტი, რომლებიც სექტემბერში დაესწრებიან QUALI-Start-Up ლექციების კურსს გერმანიაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ საინჟინრო ფიზიკის ბაკალავრიატის პროგრამის I კურსის სტუდენტი დავით სებუა და II კურსის სტუდენტი ალექსანდრე მუჯირიშვილი, ასევე, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ბაკალავრიატის პროგრამის III კურსის სტუდენტი მიხეილ კიტაევიჩი, ხოლო სამედიცინო ფიზიკის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტი ანა გოგიშვილი მიწვეულია იულიხის ნეირომედიცინის კვლევით ინსტიტუტში 8 თვით, სამაგისტრო ნაშრომის შესასრულებლად.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები