საზაფხულო სკოლა - „მტკიცებულება და პოლიტიკის მესამე საზაფხულო სკოლა“

19-06-2017 2017 წლის 6-8 სექტემბერს, სლოვაკეთის ქალაქ სენეცში, ევროკომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრის (JRC) ორგანიზებით გაიმართება საზაფხულო სკოლა „მტკიცებულება და პოლიტიკის მესამე საზაფხულო სკოლა“.  პროფესიული ტრენინგის ფარგლებში გადაწყვეტილების მიმღებები და მკვლევრები ერთად შეისწავლიან, თუ როგორ გამოიყენონ მტკიცებულებები ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებისათვის.

წლევანდელი ტრენინგი ჩატარდება სლოვაკეთში და მასში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე, ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნების პოლიტიკის განმახორციელებლები (Policymakers) და მეცნიერები. საზაფხულო სკოლაში ძირითადი ყურადღება დაეთმობა პოლიტიკის წარმართვის პროცესში კვლევების გამოყენებას მიგრაციისა და დემოგრაფიული ცვლილებების საკითხებში. ამ სტრატეგიულ სფეროში მონაცემები ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და დამაბნეველია, ამიტომაც სახელმწიფო მოხელეებისა და მკვლევრებისათვის მნიშვნელოვანია, შეიძინონ მეცნიერების გამოყენების უნარები გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროგრამა შემუშავებულია ევროკომისიის მიგრაციისა და დემოგრაფიის ცენტრთან ერთად. იგი განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ მეცნიერებისა და პოლიტიკის განმახორციელებლებისათვის, რომლებიც ზემოაღნიშნულ რეგიონებში ზემოაღნიშნული თემატური მიმართულებით მუშაობენ.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ მიგრაციისა და დემოგრაფიული ცვლილებების დამწყებ და  კარიერის საშუალო ეტაპზე მყოფ მკვლევრებს, აგრეთვე, პოლიტიკის განმახორციელებლებს.

ევროკომისია სრულად დააფინანსებს საქართველოდან შერჩეული კანდიდატების საზაფხულო სკოლაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ მგზავრობის, საცხოვრებლისა და კვების ხარჯებს.

მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
  • მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება ისეთ სამეცნიერო სფეროს ან საჯარო სექტორში, რომელიც დაკავშირებულია მიგრაციისა და დემოგრაფიული ცვლილებების საკითხებთან;
  • ძლიერი მოტივაცია ფაქტებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების კუთხით;
  • საქართველოს მოქალაქეობა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სემინარში ბოლომდე მონაწილეობის მიღება.
აპლიკაციების წარდგენა შესაძლებელია 25 ივნისამდე, ევროკომისიის ვებგვერდზე.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველები სააპლიკაციო ფორმის შესავსებად უნდა გადავიდნენ შესაბამის ბმულზე. აპლიკანტებმა, ასევე, უნდა ატვირთონ მოკლე ბიოგრაფია (CV, მაქს. 2 გვ) და 500-სიტყვიანი სამოტივაციო წერილი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები