პროექტი „საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი“ - საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

06-06-2017 2 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის „საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი“ საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების ხელშეწყობას თანამედროვე და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული პროგრამების შეთავაზებით, მხარდაჭერილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში.
თავის მხრივ, აღნიშნული ინტერვენცია ხორციელდება საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის მთავრობას შორის გაფორმებული მეორე კომპაქტის ფარგლებში.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, PEM Consult-ის, BP საქართველოსა და სტუ-ს წარმომადგენლებმა. სხდომაზე განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში მიღწეული პროგრესი, აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები. სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა ის პროფესიული პროგრამები, რომლებიც შემუშავების ბოლო ეტაპზე იმყოფება. 
ამასთან ერთად, საბჭოს წევრებმა ისაუბრეს ტექნიკური გადამზადების ცენტრისათვის განკუთვნილი შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებულ მიმდინარე ტენდერზე, რომლისთვისაც თანადაფინანსება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოყო დააქხლოებით 4,1 მილიონი ლარის ოდენობით. აქვე აღინიშნა, რომ 2 ივნისს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო გამოაცხადა ტენდერი სტუ-ს პროექტის ფარგლებში პროფესიული სასწავლებლისათვის გათვალისწინებული ლაბორატორიების აღჭურვილობის მოწოდების თაობაზე.

საკოორდინაციო სხდომას წინ უსწრებდა დამსწრეთა გაცნობითი ვიზიტი სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსის ახლად შექმნილ ლაბორატორიაში, რომელიც პროექტის ფარგლებში მთავარი პარტნიორის, BP საქართველოს თანადაფინანსების საშუალებით მოეწყო. ლობარატორიის აღჭურვილობის შესაძენად BP საქართველომ 578,991 აშშ დოლარი გაიღო. გერმანელმა კონსულტანტმა სტუმრებს გააცნო ლაბორატორიაში არსებული მოწყობილობები და მათი ფუნქციები.
ლაბორატორია გათვალისწინებულია ისეთი პროფესიების მოსამზადებლად, როგორიც არის მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი, მექატრონიკის ტექნიკოსი, წარმოების ავტომატიზაციის ტექნიკოსი, მაღალი ძაბვის ელექტრიკოსი და წარმოების სუპერვაიზერი.

    


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები