ფრაიბურგის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო დელეგაცია სტუ-ში

25-05-2017 25 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრა გერმანიის ფრაიბურგის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო დელეგაცია, ინსტიტუტის დირექტორის, პროფ. ჰანს-იორგ ალბრეხტის ხელმძღვანელობით. გერმანულ დელეგაციას წარმოადგენდნენ პროფ. იურგენ-პეტერ გრაფი (გერმანიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე), პროფ. ვოლფრამ შედლერი (გენერალური პროკურატურის ყოფილი პროკურორი), პროფ. მიხაელ კილხლინგი და პროფ. ელიკო წიკლაური-ლამიხი.

აღსანიშნავია, რომ გერმანელ და ქართველ მეცნიერ-იურისტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის ათწლეულების გამოცდილება არსებობს. პროფ. ჰანს იორგ ალბრეხტს დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ და გერმანელ იურისტ-მეცნიერთა თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში, ქართული სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიური სკოლის რეფორმირებაში. ამასთან დაკავშირებით, ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, პროფ. ალბრეხტს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი.

ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა ერთობლივი ქართულ-გერმანული საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები“.

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა.

კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ მოწვეული სტუმრები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა პროფ. მიხაელ კილხლინგმა.

აღსანიშნავია, რომ ფრაიბურგის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული სამეცნიერო ცენტრია, რომელიც აწარმოებს ფუნდამენტარულ კვლევებს სხვადასხვა ქვეყნების კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის აქტუალურ პრობლემებზე.

    


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები