მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო დელეგაცია სტუ-ში

22-05-2017 24-26 მაისს საქართველოს ესტუმრება გერმანიის ფრაიბურგის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო დელეგაცია, ინსტიტუტის დირექტორის, პროფ. ჰანს-იორგ ალბრეხტის ხელმძღვანელობით.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან პროფ. იურგენ-პეტერ გრაფი (გერმანიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე), პროფ. ვოლფრამ შედლერი (გენერალური პროკურატურის ყოფილი პროკურორი), პროფ. მიხაელ კილხლინგი და პროფ. ელიკო წიკლაური-ლამიხი.

24 მაისს გერმანულ დელეგაციას საქართველოს უზენაესი სასამართლო უმასპინძლებს.

25 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები“. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვლენ მოწვეული სტუმრები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იურიდიულ  საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე,  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი, საქართველოს ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე და ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი.

იმავე დღეს გაფორმდება მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტს შორის.

ფრაიბურგის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული სამეცნიერო ცენტრია, რომელიც აწარმოებს ფუნდამენტარულ კვლევებს სხვადასხვა ქვეყნების კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის აქტუალურ პრობლემებზე. გერმანელ და ქართველ მეცნიერ-იურისტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის ათწლეულების გამოცდილება არსებობს. ქართველ და გერმანელ იურისტ-მეცნიერეთა თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში, ქართული სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიური სკოლის რეფორმირებაში დიდი წვლილი მიუძღვის პროფ. ჰანს იორგ ალბრეხტს. ამასთან დაკავშირებით, ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, პროფ. ალბრეხტს მიენიჭება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი.

26 მაისს გერმანელი სტუმრები ეწვევიან გერმანულ სოფელს ასურეთში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები