საქართველოს პარლამენტის წევრები სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში

საქართველოს პარლამენტის წევრები სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში

15-05-2017 12 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტს ეწვივნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და კომიტეტის წევრი სიმონ ნოზაძე.

საქართველოს პარლამენტის წევრები შეხვდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს და დაათვალიერეს საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის თანამედროვე ვირტუალურ-რეალური და რეალური ლაბორატორიები.

პროფ. დავით სონღულაშვილმა დეპუტატებს დეტალურად გააცნო ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიის, ბიოლოგიის მიმართულებით არსებული ექსპერიმენტული შესაძლებლობები. მან ისაუბრა იმ პერსპექტივებზეც, რაც ლაბორატორიაში მომავლისთვის იგეგმება.


მარიამ ჯაშის შეფასებით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ მოსწავლეებისთვის შემეცნებითი თვალსაზრისით უფრო თვალსაჩინო და საინტერესო გახდეს ისეთი ტექნიკური მეცნიერებები, როგორიცაა
 მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. „ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ეს ინტერაქტიული ახალი ტექნოლოგიები სწავლების პროცესში დაინერგოს. აღნიშნული პრაქტიკა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში უკვე წლებია, რაც აპრობირებულია. მაშინ, როცა საქართველოში ჩვენ გვყავს აღნიშნული პროგრამების ქართველი ავტორები, წარმოუდგენელია, მაქსიმალურად არ შეუწყო ხელი ამ სისტემის დანერგვას“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, ეს გავლენას იქონიებს მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე. „თუკი კომიტეტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად თუნდაც პირველ ეტაპზე დამხმარე სახელმძღვანელოდ შემოვიტანთ მოსწავლეებისთვის, უდიდესი ეფექტი შეგვიძლია მივიღოთ ბავშვების აკადემიურ შდეგებთან დაკავშირებით ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისივე თქმით, შესაძლებელია იგივე მიდგომა სხვა დისციპლინებშიც დაინერგოს.

„თხოვნით და რჩევით მივმართავ ყველა სკოლის ხელმძღვანელს, რომ ეწვიონ ტექნიკურ უნივერსიტეტს, თავად ნახონ, რა შესაძლებლობებია და რამდენად შეიძლება მათი მოსწავლეებისთვის ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს სწავლების პროცესი“, - აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

სიახლეებში დაბრუნება