Erasmus+ - სალექციო კურსი სატყეო მეურნეობის სფეროში

10-05-2017 24 - 29  აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში ეწვივნენ პოლონეთის პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლები ქალბატონი ჯოანა პიეტრჟაკი (Joanna Pietrzak) (საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური), დოქტორი გჟეგოჟ რაჩკა (Grzegorz Rączka) (სატყეო მენეჯმენტის დეპარტამენტი) და დოქტორი ქშიშტოფ იაბლონსკი (Krzysztof Jabłoński) (სატყეო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

პოლონელი სტუმრები სტუ-ს სტუმრობდნენ ტრენინგის და სწავლების მიზნით Erasmus+ მობილობის პროექტის ფარგლებში, რომლის კოორდინატორია პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (PULS).

პოლონელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ლექციები სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე.

დოქტორ რაჩკას სალექციო კურსი ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სატყეო სამეცნიერო სფეროს თვითდაფინანსება, მისი მრავალფუნქციური, დაბალანსებული და მდგრადი მოდელი პოლონეთში, ასევე, სატყეო მეურნეობის მართვისა და ტყის დაცვის ატუალური საკითხები. მან აგრეთვე წარმოადგინა ევროკავშირის რეგულაციების მაგალითები სატყეო მეურნეობის სფეროში.

დოქტორმა  იაბლონსკიმ ლექციებზე განიხილა პოლონეთში ხე-ტყის ჭრასთან და მის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები. წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა შესაბამის სისტემებსა და ტექნიკას, რომელიც გამოიყენება ტყის ჭრისა და გაჩეხვის პროცესებში.

პოლონელმა სტუმრებმა დაათვალიერეს ტექნიკური უნივერსიტეტის პოპულარული სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები, მათ შორის ბოტანიკისა და ფიტოპათოლოგიის, კვების ტექნოლოგიის, მიკრობიოლოგიის, წყლის რესურსების ინჟინერინგისა და სხვა ცნობილი ლაბორატორიები.

ქალბატონი ჯოანა შეხვდა ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

ტრენინგის მიზნით მობილობის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების და  სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე საუბარი იყო მიმდინარე გაცვლითი პროექტის დეტალებსა და ასევე, ახალი გაცვლითი პროექტების პერსპექტივებზე.

სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნა მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ პრობლემებს, როგორიცაა აპლიკანტებთან მუშაობა, სააპლიკაციო განაცხადების ანალიზი, მობილობის მსურველთა მოძიებისა და შერჩევის პროცედურები (რეკრუიტმენტი), გაცვლითი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მხარდაჭერა მობილობის პერიოდში და სხვა აქტუალური საკითხები. ასევე, განხილული იქნა ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

სტუს-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში ქალბატონმა პიეტრჟაკმა ჩაატარა პრეზენტაცია, სადაც სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, უფრო ახლოს გაცნობოდნენ პოზნანსა და პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს.

საქართველოს ტექნიკური უნივრსიტეტში მობილობის ფარგლებში პოლონელი სტუმრები, ასევე, შეხვდნენ პროფ. ზურაბ გასიტაშვილს, რექტორის მოადგილეს მეცნიერების დარგში. შეხვედრაზე განხილული  იქნა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და დაგეგმილი ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო დეტალები.

   


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები