"დისკრეტული წარმოების დაგეგმვისა და ოპტიმიზაციის მოდელებისა და მეთოდების კვლევა და დამუშავება" - წიგნის ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია

12-03-2017 7 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟიული შარტავას წიგნის "დისკრეტული წარმოების დაგეგმვისა და ოპტიმიზაციის მოდელებისა და მეთოდების კვლევა და დამუშავება" ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ჟ. შარტავას დაბადების 73-ე წლისთავს მიეძღვნა. წიგნი გამოსცა ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახ. სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლამ და გამომცემლობამ „ქართული პოლიტიკა“.

პრეზენტაცია გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფ. ზურაბ გასიტაშვილმა.

პროფ. ნოდარ ლომინაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო წარმოდგენილი ნაშრომი. მოეწყო წიგნის ელ-ვერსიის პრეზენტაცია.

ჟიული შარტავას ღვაწლზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ელგუჯა გვაზავამ, სტუ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფ. შალვა ნაჭყებიამ, ასევე, ჟიულის თანამებრძოლებმა, ვაჟა ლორთქიფანიძემ, თეიმურაზ შაშიაშვილმა,ბაკურ გულუამ, ვაჟა შუბლაძემ, ჰამლეტ მელაძემ და სხვებმა.

სკოლის დირექტორმა ზურაბ ჯიბლაძემ წამოაყენა წინადადება ჟიული შარტავას გარდაცვალებიდან 25 და დაბადებიდან 75 წლის აღსანიშნავი ღონისძიებების მომზადებასთან დაკავშირებით (2018 წ. ოქტომბერი - 2019 წ. მარტი) და თანამშრომლობა შესთავაზა ბატონი ჟიულის მეგობრებსა და თანამებრძოლებს.

წიგნის "დისკრეტული წარმოების დაგეგმვისა და ოპტიმიზაციის მოდელებისა და მეთოდების კვლევა და დამუშავება" რედაქტორი, პროფ. თამარ ლომინაძე დაჯილდოვდა ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის საპატიო სიგელით.

ღონისძიების მონაწილეებს დაურიგდათ წიგნის ელექტრონული ვერსიები.

ღონისძიებას დაესწრნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები, აპარატის მუშაკები, ჟიული შარტავას მეგობრები და თანამებრძოლები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები