KEK - პროფ. სატოში მიჰარას სამუშაო ვიზიტი ტექნიკურ უნივერსიტეტში

KEK - პროფ. სატოში მიჰარას სამუშაო ვიზიტი ტექნიკურ უნივერსიტეტში

28-02-2017 22-23 თებერვალს, საქართველოს ტექნიკიურ უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტში ვიზიტით იმყოფებოდა იაპონიის განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მრჩეველი, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებელის კვლევითი ორგანიზაციის KEK-ის პროფესორი, ექსპერიმენტ COMET-ის მენეჯერი სატოში მიჰარა.

23 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა ოფიციალური შეხვედრა პროფ. მიჰარასთან. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი თეიმურაზ მურღულია, სტუს-ს რექტორი არჩილ ფრანგიშვილი. შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე ერთობლივი პროექტები და ორმხრივი თანამშრომშრომლობის შემდგომი გაღრმავების კონკრეტული მიმართულებები.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა მინი-ვორკშოპი, რომელიც ეხებოდა კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის აქტიურობას COMET ექსპერიმენტზე (KEK)  და CMS ექსპერიმენტზე  (CERN). პროფ. მიჰარამ მაღალი შეფასება მისცა სტუ-ს მიერ შეტანილ წვლილს COMET ექსპერიმენტში, და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში სტუ- ს მეცნიერების აქტივობა კიდევ უფრო გაიზრდება, გამომდინარე მათი მაღალი კვალიფიკაციიდან.

აღინიშნა, რომ სტუ-ს წვლილი COMET ექსპერიმენტში საკმაოდ შთამბეჭდავია, 250 დიდი ზომის სინტილაციური დეტექტი გაგზავნილი იქნა სტუ-დან იაპონიაში და ამჟამად მიმდინარეობს გაზომვები COMET ექსპერიმენტის Cosmics Ray Veto დეტქტორის პროტოტიპისათვის. მიღებული შედეგები სრულიად აკმაყოფილებენ ექსპერიმენტის მოთხოვნებს. პრაქტიკულ სემინარზე, ასევე, მოხსენებებით გამოვიდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის თანამშრომლები: ზვიად წამალაიძე, დავით ლომიძე, ერეკლე მაღრაძე, იური ბაღათურია, ირაკლი ლომიძე, ალექსანდრე მელქაძე და ნიკა წვერავა. სემინარებს ქართველ მეცნიერებთან ერთად ბატონი თემურ მურღულია და ბატონი არჩილ ფრანგიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა სამეცნიერი დისკუსია, სადაც იაპონელმა პროფესორმა ხაზი გაუსვა სტუ-ს მეცნიერთა მოხსენებების მაღალ დონეს ექპერიმენტალურ ფიზიკაში, კომპიუტერულ და საინჟინრო ტექნოლოგიებში. გამოითქვა სურვილი და მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ განხორციელდეს ქართული გამოცდილების სინერჯი COMET ექსპერიმენტში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებელის კვლევითი ორგანიზაცია მზად არიან, გააძლიერონ და განავითარონ საერთაშორისო თანამშრომლობა სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესებში, ერთობლივად მოამზადონ მაღალი დონის სპეციალისტები ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, ფიზიკურ ინჟინერიასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში. ქართველ სტუდენტებსა და ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს საშუალება ექნებათ მიიღონ განათლება იაპონიაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე და აიმაღლონ კვალიფიკაცია იაპონიაში. სწავლა განხორციელდება იაპონური მხარის დაფინანსებით და გაიცემა ორმაგი დიპლომი.

 

სიახლეებში დაბრუნება