სტუ-ს ახალგაზრდა მკვლევრის წარმატება

22-02-2017 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დოქტორანტმა ნინო ადამაშვილმა (ხელმძღვანელი - პროფ. ოთარ ზუმბურიძე) იტალიის ტურინის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ სამეცნიერო კვლევების კონკურსში გაიმარჯვა.

აღნიშნული კონკურსი ტურინის უნივერსიტეტმა იტალიის განათლების სამინისტროსა და სამეცნიერო ფონდების მხარდაჭერით გამოაცხადა. მასში მონაწილეობდნენ მეცნიერები და მკვლევრები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ საკონკურსო კატეგორიაში მხოლოდ ერთი ადგილი იყო და მასზე ქართველი კონკურსანტი შეარჩიეს.

ტურინის უნივერსიტეტი (UNITO) იტალიის ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი პრესტიჟული უნივერსიტეტია. მასში 70 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ცნობილია თავისი საერთაშორისო კვლევებით. მჭიდრო სამეცნიერო კავშირი აქვს მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტსა თუ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრთან.

ნინო ადამაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, წარჩინებით გაიარა სამაგისტრო კურსი სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე (მენეჯმენტის განხრით). სწავლობდა ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (POLITO) მაგისტრატურაში (მენეჯმენტის ინჟინერინგის განხრით). არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში.

ამჟამად ახალგაზრდა მკვლევარი სწავლობს სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დოქტორანტურის მეორე კურსზე, ტელეკომუნიკაციის მენეჯმენტის მიმართულებით.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები