თბილისის მერი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

თბილისის მერი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

09-02-2017 9 თებერვალს ქ. თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა. უნივერსიტეტში დავით ნარმანიას სტუმრობის მიზანს 2016 წლის მანძილზე დედაქალაქის მერიის წინაშე მდგარი გამოწვევები, გაწეული სამუშაო და სამომავლო გეგმები წარმოადგენდა.

შეხვედრას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა, სტუ-ს პროფესორ-მასწავლებელები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

დავით ნარმანიამ შეკრებილ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა გასული წლის მანძილზე თბილისის მერიის მიერ გაწეული საქმიანობისა და იმ გამოწვევების დაძლევის შესახებ, რაც 20016 წლის მანძილზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წინაშე იდგა, ისაუბრა განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ჩატარებულ სამუშაოებზე, სატრანსპორტო საშუალებების მოდერნიზაციასა და ახალი მარშრუტების შექმნაზე, დედაქალაქის გამწვანების, ჯანდაცვის, სოცუზრუნველყოფის, ახალი და მიმდინარე მშენებლობების, ასევე, ტურისტული ინფრასტრუქტურის სრულყოფისთვის გაწეულ სამუშაოებზე. 

დავით ნარმანიას თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტებთან კოორდინაციით, დედაქალაქის მაშტაბით არაერთი პროექტი განხორციელდა და იმედი გამოთქვა, რომ ამ ტიპის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. 

როგორც სტუ-ს რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე სტუ-ის სპეციალისტები და ექსპერტები სააკაძის მოედნის განტვირთვის მიზნით,  მიწისქვეშა სივრცის ათვისების კონცეფციაზე მუშაობენ. აღნიშნულ ინოვაციურ პროექტს სტუ დედაქალაქის მერიას შესთავაზებს. პროექტთან დაკავშირებით, პარალელურ რეჟიმში, მუშაობა ინვესტორებთანაც მიმდინარეობს. სტუ-ს რექტორის თქმით, დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება-დახვეწის მიზნით, აუცილებელია ნაკლები დანახარჯის მქონე უახლესი ტექნოლოგიების ეტაპობრივად დანერგვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სტუ საპილოტე პროეტების მომზადებასა და თბილისის მერიისთვის შეთავაზებას გეგმავს. 

დედაქალაქის მერის გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

სიახლეებში დაბრუნება