ენერგოაუდიტისა და დიაგნოსტიკის ლაბორატორია

15-03-2011
ენერგოაუდიტისა და დიაგნოსტიკის ლაბორატორია
 
15 მარტს, სტუ-ის VIII კორპუსში  ენერგოეფექტური სატესტო მოწყობილობებით ახლახან აღჭურვილი ენერგოაუდიტისა და დიაგნოსტიკის ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორია გახსნეს  აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტუ-ის სტანდარტების სამსახურის უფროსმა, პროფ. ოთარ ზუმბურიძემ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და პროექტის "თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა" (ნათელი) წარმომადგენლებთან ერთად.
"ნათელი - თანამედროვე ენერგოეფქტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა" არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა  და ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა.
აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში პროგრამამ "ნათელი" სტუ-ს გადასცა $39,977 აშშ. დოლარის ღირებულების ენერგოეფექტურობის სატესტო მოწყობილობა, რომელიც მოიცავს თერმული გაჟონვების საზომ მოწყობილობას, ციფრულ სტრობოსკოპს, ტემპერატურისა და ტენიანობის საზომს, CO2-ის გაჟონვის იდენტიფიკატორს, და ა.შ..
ასევე, პროექტი "ნათელის" დახმარებით ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ენერგოეფექტურობის სატესტო მოწყობილობა, საერთო ღირებულებით $5,307 აშშ. დოლარი და პროგრამის “ენერგეტიკის განვითარება სოფლად” ფარგლებში შეძენილი გაზის ანალიზატორი "ტესტო", საერთო ღირებულებით $4,034 აშშ. დოლარი.
აღნიშნული ხელსაწყოების გადაცემის შედეგად ენერგოაუდიტისა და დიაგნოსტიკის ლაბორატორია მთლიანად იქნება აღჭურვილი იმ ტექნოლოგიებით, რაც სტუ-ის პროფესორებს და სტუდენტებს შეუქმნის მნიშვნელოვან საფუძველს ჩაატარონ ენერგოაუდიტები და მაღალ პროფესიულ დონეზე განსაზღვრონ, თუ რომელი ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა იქნება ეკონომიკურად მომგებიანი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები