სემინარი ”გარემო და ეკოლოგია”

19-12-2016
8 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ჩატარდა სემინარი თემაზე ”გარემო და ეკოლოგია”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამშენებლო, სამთო-გეოლოგიური და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტების სტუდენტებმა.

სემინარი გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორის მარინე დემეტრაძის ინიციატივით გაიმართა.

სტუდენტებმა სემინარზე წინასწარ ჩატარებული სამუშაოების მიხედვით (რაც ითვალისწინებდა ინტერვიუებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან, ვიდეოკლიპის გადაღებას გარემოში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით) წარმოადგინეს საზოგადოებისთვის საინტერესო მოხსენებები, კერძოდ, სამშენებლო ფაკულტეტის #1511ჯგუფის სტუდენტებმა (ლევანი კოხოძე, ზაზა ახალაია, გიორგი ბერიშვილი, თეიმურაზი ყაზიშვილი) ისაუბრეს თემაზე ”გარემოს დაბინძურების პრობლემები” და აღნიშნეს, რომ გარემოს დაბინძურებაში საკმაოდ დიდია ანტროპოგენული გზით დაბინძურება და თითოეულმა მოქალაქემ პირადად უნდა დაიცვას გარემო.

ასევე, სემინარზე საინტერესო მოხსენებით წარსდგა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის  #3641 ჯგუფის სტუდენტი გია ციცვიძე, შეეხო რა ჭიათურაში მარგანეცის საწარმოს მიერ გეო-ეკოლოგიურ ატმოსფეროს და წყლის დაბინძურების საკითხებს და შესაბამისად, მოსახლეობის ჯამრთელობის მდგომარეობას. წარმოადგინა შესაბამისი სლაიდები არსებულ ფაქტებთან დაკავშირებით.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის #4340 ჯგუფის  სტუდენტებმა (შუშანიკა ახალაია და თეკლა კვარაცხელია), რომლებმაც გააშუქეს უნარჩენო ტექნოლოგიების როლი გარემოს დაბინძურების აღმოსაფხვრელად.

სემინარზე ერთხმად გამოიხატა აზრი, რომ გარემოზე ზრუნვა მოქალაქეთა ვალია და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა ამაღლდეს თითოეული პიროვნების მოქალაქეობრივი პოზიცია.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები